ახალი ამბები
გორში 9-თვის ბავშვის გარდაცვალების დროს დედა საავადმყოფოში იწვა
დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბებიამ, რომელიც ბერბუკის საერთო საცხოვრებელ ბინებში ცხოვრობს, გარდაცვლილი შვილიშვილი საწოლში ნახა.

პოლიციამ ექსპერტიზის ჩასატარებლად ცხედარი პროზექტურაში გადაასვენა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

,,დედა ინფექციურ განყოფილებაში იწვა მსუბუქი ფორმებით. შეატყობინეს, რომ შვილი ცუდად ჰყავდა. საავადმყოფოდან ხელწერილით წავიდა." - აცხადებენ ,,გორმედში".

რაც შეეხება ბავშვს, მისი სიკვდილის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს იკვლევენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 9-თვის ბავშვს არასწორად უმკურნალეს. როგორც ირკვევა, ისიც ინფექციურ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას ჯერ თბილისის საავადმყოფოში, შემდეგ - გორში, კლინიკა ,,იავნანაში".

,,იავნანას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ 9-თვის ბავშვი 31 დეკემბერს მშობელმა ,,იავნანაში" მიიყვანა, ჩაუტარა მკურნალობა, თუმცა დედის მოთხოვნით, სტაციონარში არ მოათავსეს. მანამდე 30 დეკემბერს დედა ბავშვთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

გორის ბავშვთა საავამდყოფოში აცხადებენ, რომ დედამ იმ მიზეზით, რომ სახლში ბებიაც ავად იყო და ზრდიდა სხვა მცირეწლოვან შვილს, ბერბუკში წასვლა ამჯობინა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები