დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო
რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილება აღარ შეინიშნება, ამის შესახებ
ინფორმაცია Qartli.ge-ს ხაშურის მერის წარმომადგენელმა მიაწოდა.
ვაჟა ლომიძე აცხადებს, რომ ჩორჩანას სიახლოვეს დე-ფაქტო სამხრეთ
ოსეთის შეიარაღებული პირები გუშინ იყვნენ კონცენტრირებულნი.
„ქართული მხარე საგუშაგოს აშენებს, სწორედ ამის გასაპროტესტებლად
მივიდნენ გუშინ ოკუპანტები, მათ შორის იყო ცხინვალის დე-ფაქტო
პრეზიდენტი. როგორც მათ თქვეს, თითქოს და ქართული მხარე მათ მიწებს
იტაცებს,“- აცხადებს ლომიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს
დაფიქსირებული ქმედება წ მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და
მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.
„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი,
საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული
იქნება დღეს, 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე,” – აღნიშნულია სუს-ის
(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) განცხადებაში.
ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები 2019 წლის
თებერვალშიც გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეებმა
სოფლის მიმდებარედ ტყის მასივი ყვითელი საღებავებით მონიშნეს.
მონიშნული ტერიტორიის მიღმა ტალკის საბადო მდებარეობს, იქვეა მაღალი
ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი2“.
სტატიის გამოყენების პირობები