ახალი ამბები
,,რა დროს ხელფასების მატებაა, ჩემ სოფელში ხალხი წყლით მოიწამლა"

 

,,ერთ-ერთ უბანში წყლის დალევის შემდეგ ადამიანები მოიწამლნენ. დილით დამირეკეს და, სასწრაფოდ, გავეშურე. წყალი ბოთლებით წამოვიღე, რომ საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებისთვის მეჩვენებინა" - აცხადებს ლიანა კოვზიაშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების" წევრია.

 

ლიანა კოვზიაშვილის თქმით, ხიდისთავის სასმელი წყლის სათავე დახურული ობიექტია და იქლორება, თუმცა, ქსელში რამდენიმე ადგილზე მილი მოძველებულია და, სავარაუდოდ, მავნე ნივთიერებები იქიდან შედის.

 

კომისიების გაფართოებულ სხდომაზე რაიონის გამგეობის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა განხილულიყო, რომლის მიხედვით, გამგეობის რამდენიმე პოზიციაზე თანამშრომლებს ხელფასების მატებაა გათვალისწინებული. ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ აპარატის თანამშრომლებმა ამბავი მოიტანეს, რომ კომისიების გაფართოებული სხდომა აღარ ჩატარდებოდა.

 

კომისიების გაფართოებულ სხდომას გამგებლის პირველი მოადგილე გია წვერავაც სხდომათა დარბაზში ელოდებოდა. ის რამდენიმე დეპუტატს უხსნიდა ხელფასების მატების აუცილებლობაზე:

 

,,რაიონის გამგეობიდან, დაბალი ხელფასის გამო, 20-მდე თანამშრომელი წავიდა. საუკეთესო კადრი გვტოვებს." - ამბობს გია წვერავა. წარდგენილ პროექტში წერია, რომ გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1300 ლარიდან 2000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ანუ ხელფასის მატებას გია წვერავაც ელოდება.

 

,,ბატონო გია, თქვენც ხომ არ აპირებთ წასვლას?" - ვკითხეთ გამგებლის პირველ მოადგილეს, თუკი არ მოხდება ხელფასების მატება. გია წვერავაც გვიპასუხა, რომ დატოვებს.

 

რაც შეეხება ხიდისთავის სასმელ წყალს, აქ მოწამლულთა შორის საკრებულოს წევრი კობა ტლაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან) და მისი ოჯახის წევრებიც აღმოჩნდნენ. კობა ტლაშაძეც ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში რაიონის გამგეობაში ხელფასების მატებაზე არ უნდა საუბრობდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები