ახალი ამბები
ჩემპიონის დედა საბავშვო ბაღში დანიშნეს - გლოვა რუისში

 

გათავისუფლებული პედაგოგ-აღმზრდელი ნონა ღვინიაშვილი, ქარელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, პაატა ღვინიაშვილის დაა. ის რუისის საბავშვო ბაღში 4 წელი მუშაობდა. 

 

„დამირეკა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი ქარელში, რადგან თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმებოდა. თათბირზე გავიგე, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლების სიაში მეც ვიყავი მოხვედრილი. მეორე დღეს მივედი ჩვენი სოფლის წარმომადგენელთან, გია კუთხაშვილთან, რათა გამერკვია, თუ რატომ მოხდა ჩემი გაშვება. საკრებულოს წევრი სახლში არ დამხვდა. ცოტა ხანში კი ახლობელი მოვიდა და გადმომცა გია კუთხაშვილის დანაბარები, რომ ჩემი გათავისუფლება, თურმე, ჯერ კიდევ იანვარში იგეგმებოდა. მეო, როგორც ჩვენი სოფლის მკვიდრიო, მინდოდა, რომ არ გათავისუფლებულიყავი, ამაზე მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილსაც ვესაუბრე, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღე, იმიტომ, რომ ეგ პაატა ღვინიაშვილის დაა, მაგას სამსახურში არ გავაჩერებო.“ - იხსენებს ნონა ღვინიაშვილი სოფლის წარმომადგენლის დანაბარებს.


„ჩემი მეუღლეც შეხვდა ზაზა გულიაშვილს, ჩემი პრობლემის შესახებ," - ყვება ნონა ღვინიაშვილი - ,,გამგებელმა უთხრა, რომ იგი საქმის კურსში არ იყო, გაერკვეოდა და გაგებინებდა პასუხს.  მეორე დღეს მე მივედი გულიაშვილთან სასაუბროდ. მან არ მიმიღო. დაცვას უსაყვედურა, რატომ ამიშვეს მესამე სართულზე.“


ასევე გათავისუფლდა რუისის მეორე საბავშვო ბაღის გამგე ლალი ბერიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 20 წელი მუშაობდა.

 

„მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი შავი ლაქა არ მქონია, უმწიკლოდ და დიდი სიყვარულით ვემსახურებოდი ამ საქმეს. უმძიმეს წლებში მომიწია მუშაობა, უშუქობისა და უშეშობის, მაგრამ დღემდე მოვიტანე ეს ბაღი. მართალია, გული მაწუხებს, მაგრამ დღემდე შემიძლია ვიმუშაო და გავაგრძელო ეს საქმე. ძალიან გული მწყდება, რომ ასე მოხდა ჩემი გათავისუფლება. მიზეზსაც არ მეუბნებიან. გამგებელი გაერთიანების მმართველს აბრალებს, გაერთიანების მმართველი - გამგებელს. გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა მითხრა, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასარული. ესე იგი ჩემი გაშვება იყო დასასრული“ გვითხრა ლალი ბერიძემ.


ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ქარელის გამგებელმაც გააკეთა.


„ნონა ღვინიაშვილის მეუღლეს, მართლაც, ვესაუბრე. მე ვუთხარი, რომ არ ვიყავი საქმის კურსში. გავერკვეოდი და ვეტყოდი, თუ რატომ მოხდა მისი მეუღლის გათავისუფლება. მე რომ მაგ ქალბატონის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მდომოდა, სამი წელია მუშაობს და აქამდე გავათავისუფლებდი. მოქალაქეთა მიღების დღე ოთხშაბათობით მაქვს. ეგ ქალბატონი, ალბათ, ხუთშაბათს მოვიდა. უამრავი საქმე მაყრია თავზე, რატომ უნდა მიმეღო და რატომ უნდა მესმინა მისი პრეტენზიებისთვის? დაცვამაც მაგიტომ არ შემოუშვა“ - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი.

 

გამგებელმა კომენტარი რუისის მეორე საბავშვო ბაღის გამგის გათავისუფლებაზეც გააკეთა.

 

„რაც შეეხება ლალი ბერიძეს, ეგ ქალბატონი 68 წლისაა. აღარ შეუძლია მუშაობა. ზოგჯერ ქარელში თათბირზე ჩამოსვლაც კი უჭირდა. ამიტომ მის ადგილას დაინიშნა შედარებით ახალგაზრდა კადრი“ - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.


სოფლის წარმომადგენელმა გია კუთხაშვილმა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები