ახალი ამბები
გორის ბიუჯეტი მეორედ ჩავარდა
გორის მერიის მომავალი 2016 წლის ბიუჯეტი მეორე მცდელობაზეც არ დამტკიცდა.

5 დღის გასვლის შემდეგ ქალაქის მთავრობამ ოპოზიციური საკრებულო რესურსების სათანადოდ გადანაწილებაში კვლავაც ვერ დაარწმუნა.

ბიუჯეტი პირველივე ცდაზე, 2015 წლის 25 დეკემბერსაც, ჩავარდა.

რას ითხოვდა ოპოზიცია და რა შენიშნები გაითვალისწინა ან არ გაითვალისწინა მერიამ?

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ შემცირებულიყო გორის ,,დილას" დაფინანსება, ასევე, გაუქმებულიყო ტურიზმის ცენტრის სუბსიდია ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, ხოლო საბავშვო ბაღებში ვაუჩერული დაფინანსება 5 ლარით (60+5) გაზრდილიყო.

ძირითადად, ამ მოთხოვნების წამოყენებით დასრულდა 25 დეკემბრის სხდომა.

30 დეკემბერს გორის მერიამ საკრებულოს შესწორებული ვარიანტი წარუდგინა, სადაც ,,დილას" დაფინანსება 50 000 ლარითაა შემცირებული, გაუქმებულია ტურიზმის ,,ინფრასტრუქტურის" ხარჯები, ხოლო საბავშვო ბაღებში ვაუჩერული დაფინანსება გაზრდილია 80 000 ლარით.

ოპოზიციას დღევანდელ სხდომაზე ხელჩასაჭიდი, სწორედ, ეს 80 000 ლარი გაუხდა. როგორც მათ დაითვალეს, მათი მოთხოვნის მიხედვით, ვაუჩერების რაოდენობა 204 000 ლარამდე უნდა ასულიყო.

ხმები დღესაც 7/7 გაიყო.

ქალაქის მერი ბიუჯეტის არდამტკიცების ფაქტს საბოტაჟს უწოდებს:

„ეს არის დესტრუქციული ქმედება და მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში შეჩერდეს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ შენიშვნების 6 პუნქტი გავითვალისწინეთ. სწორედ ეს მაფიქრებინებს რომ საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილი.“- ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

მისივე განმარტებით „ყველა შენიშვნას ვერ გავითვალისწინებდი იმ მიზეზის გამო, რომ იყო დაუბალანსებელი მოთხოვნა. ითხოვდნენ ბიუჯეტის ნახევარი მილიონით გაზრდას და 300 000 შემცირებას. სხვაობა დიდია და მოთხოვნა გაუაზრებელი.“ განმარტა ჯირკველიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა თქვა, რომ მერია არ ზრუნავს საბავშვო ბაღებში კვების პირობების გაუმჯობესებას და დაფინანსების გაზრდაზე.

„80 000 ლარით ზრდა საბავშვო ბაღების დაფინანსების ფაქტიურად დაცინვაა, მაშინ როდესაც მინიმუმ 4 ახალი ბაღია ასაშენებელი.“ - ამბობს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, მინდია გოდერძიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობიდან".

გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აპირებს, რომ შემათანხმებელი ჯგუფი შექმნას, რომელშიც საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მერიის წარმომადგენლები ბიუჯეტის ალტერნატიულ ვარიანტს შეიმუშავებენ. ახალი ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე უკვე მომავალ წელს გახდება ცნობილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები