,,კომაცოს" ტიპის ტრაქტორს, მოულოდნელად, მუშაობის პროცესში რევიზია
დაადგა და მის ავზში საწვავის რაოდენობა შეამოწმა.
მაკონტროლებლები სამხარეო ადმინისტრაციიდან იყვნენ, ხოლო ტრაქტორი
გამგეობას ეკუთვნის.
ტრაქტორისტს ავზიდან გარკვეული რაოდენობის საწვავი ამოაღებინეს, ხოლო
დარჩენილი დიზელით მუშაობის გაგრძელება მოსთხოვეს. ტრაქტორი ვერ
ამუშავდა და დაზიანდა.
ავზში იმ რაოდენობის საწვავი არ აღმოჩნდა, რასაც მაკონტროლებლები
ელოდნენ.
სასწრაფოდ, შიდა გამოძიება დაიწყო. გამგეობის შიდა აუდიტმა დაუშვა,
რომ მთიან ზონაში შესაძლოა ტრაქტორმა ერთ საათში 35 ლიტრიდან 45
ლიტრამდე დაწვას. ეს დასკვნა გამგეობისთვის მისაღებია, რადგან 10
ლიატრიან შუალედში ,,კომაცოს" მანევრირების საშუალება მიეცა.
,,იქ აუხსნეს სამხარეოს წარმომადგენლებს, რომ თუკი საწვავს
ამოიღებდნენ, ტრაქტორი გაფუჭდებოდა. თუ რატომ არ გაითვალისწინეს, ეს
მათ უნდა ჰკითხოთ" - გვითხრა გამგებლის პირველმა მოადგილემ გია
წვერავამ.
გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ედიშერაშვილის
თქმით, ,,ვიღაცის დაუსაბუთებელ ნათქვამზე, კომენტარს არ
გააკეთებენ"
ტრაქტორის დაზიანების ფაქტი ნოემბერში ატენის ხეობაში მოხდა.
ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი ტრაქტორის და
თვითმცლელის ყიდვა გადაწყვიტა, ჯამში დაახლოებით 200 ათას ლარად.
თანხა კი სოფლის პროგრამებიდან მოიხსნა.
გამგებლის პირველი მოადგილე გია წვერავა ამბობს, რომ ეს 104 სოფლის
პროგრამებიდან მონარჩენი თანხის ჯამია, თუმცა, გუბერნატორის სოფლის
თემიდან (ატენი) სოფლის პროგრამის თანხა სრულად მოიხსნა.
მაგალითად, ატენის თემის წარმომადგენელი საკრებულოში სოსო ვანიშვილი
ამბობს, რომ სოფელ ოლოზში ადგილობრივი მცხოვრებნი 3 წელია სოფლის
პროგრამის თანხას აგროვებდნენ.
,,ჩაატარებინეს კრებები ადგილზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს
თანხა ახალი ტრაქტორის შესაძენად წასულიყო, მაშინ როდესაც ამავე
სოფელში გადასასვლელი ხიდის გაკეთებას დიდი ხანია ითხოვენ" - ამბობს
სოსო ვანიშვილი.
ვანიშვილი ფიქრობს, რომ თუკი გამგეობა ტრაქტორს არ შეიძენდა, მაშინ,
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის პროგრამის თანხები, საერთო ჯამში,
აუთვისებელი დარჩებოდა.
ჩვენთან საუბარში წვერავამ დაადასტურა, რომ გამგეობას სხვა ფინანსური
საშუალებით ახალი ტრაქტორის შეძენაზე არ უფიქრია.
მაგალითად, დეკემბერში გამგეობის საფინანსო სამსახურში დაითვალეს, რომ
მუნიციპალიტეტს ჭარბი შემოსავალი მილიონ ლარამდე აქვს. ეს თანხა
გამგეობამ სახურავების შესაკეთებლად სრულად მიმართა. სტიქიის დროს
დაზიანებული სახლების სახურავების შესაკეთებელად კი ცენტრალურ
მთავრობას თეთრიც არ მოსთხოვეს. ამის გამო პრეტენზია საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ჰქონდა, რომლის ხელმძღვანელიც ატენის
წარმომადგენელი სოსო ვანიშვილია.
წვერავა ამბობს, რომ მთავრობისგან დამატებითი თანხა იმიტომ არ
მოითხოვეს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილობრივი
რესურსით გაუმკლავდებოდნენ.
საბოლოო ჯამში, ძველი ტრაქტორის ძრავი 3 ათას ლარად მაინც შეაკეთეს,
ხოლო, ახალი ტრაქტორის შეძენის თაობაზე, ტენდერიც წარმატებით
ჩატარდა.
სტატიის გამოყენების პირობები