შიდა ქართლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხილის ექსპორტი თითქმის
ნულამდე დაეცა.
ოფიციალურად დადგინა, რომ გასულ 2015 წელს გორისა და ქარელის
მოსახლეობამ ხეხილი, პრეპარატების ნაცვლად, ,,ცარიელი წყლით"
შეწამლა.
ამის შესახებ საგანგაშო ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სოფლის მეურნეობისა და აგრარული კომისიის სხდომაზე ფიტო-სანიტარული
სამსახურის უფროსმა დავით გოგინაშვილმა წარადგინა.
,,იცით თუ არა რომ გლეხი რომ ვენახს წამლის, მატლები ხარხარებენ" -
ასეთი შეფასება სოფელ ძევერა-ქიწნისის წარმომადგენელმა მერაბ
პურიჭამიაშვილმა, ფიტო-სანიტარული სამსახურის წარმომადგენლის
მოხსენების შემდეგ, გააკეთა.
დავით გოგინაშვილის თქმით, შიდა ქართლში ხილის დაბალი მოსავლიანობა,
სწორედ, ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოყენებამ გამოიწვია.
ლაბორატიული შემოწმების შედეგად პრეპარატები: - ,,კავანჩა" და
,,სანსირო" - ფალსიფიცირებული აღმოჩნდა.
,,შეიწამლა ხილი, ბოსტანი, მაგრამ არანაირი შედეგი" - განაცხადა
მან.
აღნიშნული პრეპარატები საქართველოში თურქეთიდან შემოდის. იმპირტიორი
კომპანიები შეკვეთებს, სწორედ, ამ ქვეყნებში არსებულ პრეპარატების
მწარმოებელ კომპანიებს აძლევენ. შემდეგ, დისტრიბუციას საქართველოს
სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის, გორსა და ქარელში
ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაჯარიმდა იმპიორტირები, თუმცა
მაღაზიის მეპატრონეების ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
საკრებულოს წევრმა თემურ აფხაზაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი
შემთხვევის გამოვლინების დროს, კანონი უნდა გამკაცრდეს.
,,ეს დანაშაული მკვლელობას უნდა უდრიდეს. ეს არის დიდი ბოროტება" -
აღნიშნა აფხაზაშვილმა, ,,ქართული პარტიიდან"
დავით გოგინაშვილი ამბობს, რომ სულ 16 სახეობის პრეპარატი შემოწმდა.
მათთან საგანგაშო დასკვნა, ლაბორატორიიდან, მხოლოდ ორზე მოვიდა.
მოსახლეობა კი ძირითადად ,,კავანჩას" და ,,სანსიროს" იყენებს.
ფიტო-სანიტარულ სამსახურს გასულ წელს 16 პრეპარატის ნიმუშის აღების
გეგმა ჰქონდა. უწყებას უფრო მეტ პრეპარატზე მონიტორინგის
განხორციელების ფინანსური საშუალება არ აქვს.
,,თუ შემოვიდა ქვეყანაში 200 სახეობის პრეპარატი და შემოწმდა 16
პრეპარატი, ეს რა მიდგომაა? სახელმწიფო მიდგომა უნდა შეიცვალოს" -
ამბობს საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი, ,,თავისუფალი
დემოკრატებიდან".
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თემურ გიგუაშვილის ინიციატივით
უახლოეს ხანებში, საკრებულოს წევრების მიერ, სპეციალური მიმართვა
მთავრობის სახელზე მომზადდება.
მიმართვის მიხედვით, მთავრობამ საბაჟოებზე შემოსული პრეპარატების
შემოწმების ვალდებულება უნდა აიღოს, ხოლო კანონი გამკაცრდეს.
საკრებულოს სოფლის მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მერაბ
მელანაშვილის განცხადებით, დანაშაულს, ძირითადად, იმპორტიორი
კომპანიები ჩადის, რადგან, ფალსიფიცირებულ პრეპარატებზე შეკვეთას
ისინი ახორციელებენ.
სტატიის გამოყენების პირობები