ახალი ამბები
გუდალეთელების პროტესტი
კასპის რაიონის სოფელ გუდალეთის მოსახლეობა მთის სტატუსის მიღებას ითხოვს.

ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს შეხვდა.

გუდალეთელების თქმით, სარგებელი, რომელიც მთის კანონის მიხედვით, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, მათ სოფელსაც ეკუთვნის.

გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი საკითხის შესწავლას და სათანადო დონეზე მის დაყენებას შეპირდა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, მთის სტატუსი იმ დასახლებულ პუნქტებს მიენიჭა, რომლებიც ზღვის დონიდან 800 მ-ზე ზევით მდებარეობს.

მაღალმთიანი სოფლების ნაწილს სოციალური და საგადასახადო შეღავათი დაუწესდა. საქართველოში შეღავათები 1580-ზე მეტ სოფელს შეეხო, აქედან 97 - შიდა ქართლშია.

ოჯახები პირველ და მეორე შვილზე, ერთი წლის განმავლობაში, 100 ლარიან, შემდეგ შვილზე კი 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პედაგოგებისა და ექთნების ყოველთვიურ დანამატი 180 ლარი იქნება. ექიმებს კი ხელფასი 360 ლარით გაეზრდებათ.

20%-ით მოიმატებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსიაც.

შეღავათებით ისარგებლებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში 9 თვეზე მეტია ცხოვრობს, ახლად დასახლებულებისთვის კი იგივე შეღავათები 9 თვის შემდეგ ამოქმედდება.

სწორედ, ჩამოთვლილი შეღავათების არგავრცელება გახდა გუდალეთელების პროტესტის მიზეზი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები