ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარეს საიმპიჩმენტო პროცედურების დაჩქარებას ურჩევენ
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ალექსი მარიამიძეს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურები უნდა დაჩქარდეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მარიამიძემ, საიმპიჩმენტო პროცედურების განმარტების შესახებ საუბრის დროს, განუცხადა.

მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძემ, საქმის არსიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, პროცედურები არ უნდა გაწელოს.

,,კანონში გაწერილია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა. ამ შემთხვევაში კი, საკრებულოს თავმჯდომარის გადასაწყვეტია, რამდენმად გადაუდებელია იმპიჩმენტის შესახებ მოთხოვნების განხილვა. იქიდან გამომდინარე, რომ ითხოვენ 4 მუდმივმოქმედი კომისიის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ პროცედურები არ უნდა გაწელოს" - განაცხადა ალექსი მარიამიძემ.

ყოფილი მოსამართლის შეფასებით, საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაუდებელია, რადგან მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტი აქვს დასამტკიცებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ საიმპიჩმენტო პროცედურების განხორციელება რიგით სხდომაზე უნდა დაიწყოს.

რიგითი სხდომა 2016 წლის 5 თებერვალსაა დანიშნული. მისი თქმით, თუკი იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატი განცხადებებში არ უთითებენ საგანგებო სხდომის ჩატარებას, საკრებულო უფლებამოსილია საკითხი უახლოეს სხდომაზე გაიტანოს.

იხ. ამავე თემაზე: ,,ვის ემუქრება იმპიჩმენტი"

Print

სტატიის გამოყენების პირობები