ახალი ამბები
ვის ,,დასჯას" ავალებდა გამგებელი შიდა აუდიტს
ცნობილია, თუ ვის ,,დასჯას" ავალებდა მუნიციპალიტეტის გამგებელი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს.

ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ექსკლუზიურად qartli.ge-ს მიაწოდეს.

დოკუმენტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა ზედამხედველობის სამსახურის შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილების საქმიანობა.

2015 წლის დეკემბრისთვის ეს დავალება არ შესრულდა. შესურულებლობის მიზეზად სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ივანე ქოჩორაძე ადამიანური რესურსების უკმარისობას ასახელებდა.

2016 წლის 8 იანვარს კი, გამგებელმა დავით ონიაშვილმა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ახსნა-განმარტებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, გაათავისუფლა.

მანამდე, მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს სამსახურებრივი კონფლიქტი ზედამხედველობის სამსახურთან წარმოეშვა. ამ სამსახურის შესყიდვების ხარისხის კონტროლის თანამშრომლებმა (6 პირი) თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის ნოემბერში დატოვეს.

გამგებლის მოადგილე გია წვერავა ამბობდა, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან თანხების ათვისების კუთხით მინუსიანი ბიუჯეტის დადგომა მათი დამსახურებაა.

ზედამხედველობის სამსახურისკენ ხელს იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილიც იშვერდა. - ,,ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ"

გათავისუფლების შემდეგ უმრავლესობამ მუშაობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ანალოგიური მიმართულებით, ზედამხედველობის განყოფილებაში გააგრძელეს.

მიუხედავად ამისა, გამგებელმა შიდა აუდიტს იმ სამსახურის შემოწმება დაავალა, რომლის თანამშრომლები გუბერნიაში სამუშაოდ გადავიდნენ.

ჯამში, 2015 წელს, შიდა აუდიტის სამსახურმა 11 სამსახური შეამოწმა, აქედან შემოწმების აქტი 10 ობიექტის შესახებ დაიდო. შეუსრულებელი დარჩა, ზედამხედველობის სამსახურის შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილების შესახებ, მონიტორინგის განხორციელება.

გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებდა, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არაკომპეტენტურობის გამო, გაათავისუფლა. აწ გათავისუფლებული ივანე ქოჩორაძე კი, სასამართლოში ჩივილს აპირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები