ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე რუსეთის ფედერაციიდან დე-ფაქტო სამხრეთ
ოსეთის მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანებს გამშვებ პუნქტზე
კვლავ პრობლემები აქვს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ,,ზარამაგის" გამშვებ პუნტზე, საბაჟო კონტროლის
გავლის შემდეგ, სატვირთო მანქანების ნაწილი ცხინვალისკენ დაიძრა,
თუმცა, მეწარმეთა დიდი ნაწილი კვლავ ადგილზე რჩება.
მებაჟეები ირწმუნებიან, რომ მეწარმეებს, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე
სხვა პროდუქტებზე, მწარმოებლებისგან მინიჭებული შესაბამისი
სერთიფიკატები არ გააჩნიათ.
,,დღეს მებაჟეებმა გაატარეს პროდუქტის ნაწილი" - განუცხადა
,,კავკაზსკიი უზელის" კორესპონდენტს მეწარმე მარინა ცხოვრებოვამ.
,,დაგვირეკეს და 2-3 გაზელის ტიპის ავტომობილით საზღვარზე პროდუქტის
გატანის უფლება მოგვცეს. ცხინვალში ქათმის კვერცხის შეძენა რთულია -
დეფიციტია. მადლობა უფალს, რომ მომეცა საშუალება, საზღვარზე, სწორედ
ის მანქანები გამეშვა, რომლებშიც კვერცხი და შებოლილი პროდუქცია იყო"
- განაცხადა ცხოვრებოვამ.
მეწარმის თქმით, ის 9 დღეა პროდუქტებს, ნაწილ-ნაწილ, დაქირავებული
მანქანებით ეზიდება ცხინვალისკენ.
,,მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების დაქირავება დამიჯდა 30 ათასი რუბლი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია" - აცხადებს
მეწარმე.
,,გაყიდვაშია კეფირი, არაჟანი. კვერცხი არ იყიდება. არა და, ყველაზე
მეტი მოთხოვნილება მასზეა. როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ 2-2
მანქანის გატარება შეგვეძლო, მე იმ მანქანების გატარება, რომელშიც
კვერცხები იყო, ვერ მოვასწარი. ეს მანქანები რიგის ბოლოში იდგნენ" -
ამბობს მეწარმე ანდრეი.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სხვა მეწარმეები კი პროდუქტების ახალი
პარტიის შეძენას არ ჩქარობენ.
,,რუსეთში პროდუქტების შესაძენად წასვლას აზრი არა აქვს. ხომ ხედავთ,
როგორი პრობლემებია. რა დანაკარგს განიცდიან სხვა მეწარმეები.
მართალია, მე პროდუქცია ნაკლები მაქვს, მაგრამ დავიცდი, სანამ
მებაჟეები ოფიციალურად საზღვარზე მანქანებს არ გაუშვებენ. შემდეგ კი
ახალი პროდუქციისთვის წავალ" - უთხრა ,,კავკაზსკიი უზელის"
კორესპონდენტს ცხინვალში სურსათის მაღაზიის მფლობელმა ეძიკ კაჯაევმა.
სტატიის გამოყენების პირობები