ახალი ამბები
რას ხარჯავს მერია ბიუჯეტის დამტკიცებამდე
ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უმრავლესობამ ორჯერ ჩააგდო.

ასეთ შემთხვევაში, მერიას თვეში, საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, გასული წლის საერთო ასიგნებების 1/12-ის ხარჯვის უფლება აქვს.

2015 წლის წლის ბიუჯეტის 1/12, ამჟამად, წარმოდგენილია 1 233 700 ლარის ოდენობით.

ეს ნორმა აპრილამდე ვრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილამდე მერიამ ყოველთვიურად 1 მლნ 233 700 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.

ყოფნის თუ არა თვეში მერიას 1 მლნ 233 700 ლარი, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ადგიობრივი თვითმმართველობის საფინანსო სამსახურებს დაუკავშირდა.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ყველა პროექტი განხორციელდება, რომელიც მერიას დაგეგმილი აქვს.

ოპოზიციური პარტიის, ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ პროექტები შეჩერებულია, სოციალური პროგრამები აღარ მუშაობს და ონკოლოგიური ავადმყოფები რიგში დგანან.

ზურაბ ჯირკველიშვილი თედლიაშვილს ,,მატყუარას” უწოდებს და მას, კონკრეტული ინფორმაციის დასახელებას ურჩევს.

გასული წლის ბიუჯეტის საერთო რაოდენობის 1/12 გამოყენება ქალაქის მთავრობამ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით იანვრიდან დაიწყო.

„1 233 700 ლარი მხოლოდ იანვრის ლიმიტია. როგორც წინა წლის ხარჯვის გამოცდილებამ აჩვენა, აღნიშნული თანხა იანვარში განსახორციელებელი პროექტებისთვის საკმარისია, თუ რაიმე გაუთვალისწნებელი შემთხვევა არ მოხდა.” - აცხადებს გორის მერიის სპეციალისტი ელზა მიქელაძე.

მისი თქმით, საგანგებო შემთხვევის დროს, თანხა თებერვლის 1/12-დან იქნება მოშველიებული.

,,ეტაპზე თანხა ისე იხარჯება, როგორც დამტკიცებული ბიუჯეტის შემთხვევაში“- ირწმუნება ელზა მიქელაძე.

გორის ბიუჯეტი 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივ მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდება და სახელმწიფო მმართველობა გავრცელდება.

ქალაქის საკრებულოს გეგმიური სხდომა 5 თებერვალს არის ჩანიშნული. ამ სხდომაზე ბიუჯეტს დასამტკიცებლად მესამედ გაიტანენ.


ამავე თემაზე
რატომ ვერ ამტკიცებს გორის საკრებულო ბიუჯეტს

Print

სტატიის გამოყენების პირობები