დღეს, გორის ცენტრალურ უბანზე, ე.წ. ასბინიანი კორპუსის ეზოში
საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.
ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა
გადაიღეს.
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ეზოში მას შემდეგ გამოჩდნენ,
რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,გორის დარბაზის" ოფიციალურ
ფეისბუქის გვერდზე ხმაური ატყდა.
,,10 დღეა ამოდის კანალიზაცია. ამოსულმა ფეკალიების მდინარემ ეზოს
გავლით, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს და სადაც ახლადგახსნილ საბავშვო
ბაღში ბავშვები დადიან, გადაინაცვლა ამილახვრის ქუჩაზე მე-3 სკოლის
წინ; სადაც ასევე უამრავი ბავშვი დადის და უკვე რუსთაველის ქუჩამდე
ჩააღწია. კიდევ კარგი ზამთარია და ეპიდემია არ ჩნდება, მაგრამ ისეთი
პირი უჩანს, რომ ზაფხულამდე არავინ ჩანს მიმხედი"- ეს პოსტი კორპუსში
მცხოვრებმა გოგა კიკნაძემ 23 იანვარს გამოაქვეყნა.
მანამდე, 21 იანვარს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მერიის
პრესსამსახურს დაუკავშირდა და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა.
პრესსამსახურმა ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამსახურს მიაწოდა,
საიდანაც გვიპასუხეს, რომ სამუშაოები კორპუსის ,,ამხანაგობის"
გასაკეთებელი იყო.
,,ვინაიდან, სისტემა არ წარმოადგენს მერიის საკუთრებას, ამ
შემთხვევაში სამუშაოები ან თავად ,,ამხანაგობამ" უნდა აწარმოოს, ან
კიდევ თანადაფინანსების მოთხოვნით, განცხადება უნდა შემოიტანონ" -
გვითხრა 21 იანვარს პრესსამსახურმა.
დღეს კი სამუშაოს დაწყების შესახებ გორის მერიას შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრმა აცნობა. ნათია ხაჩიურის თქმით, მერიის
თანამშრომელმა წყალმომარაგების კომპანიას აცნობა და ამის შემდეგ
დაიწყო სამუშაოები.
გადაუდებელ შემთხვევაში ,,ამხანაგობის" იმედად ყოფნას არ ამართლებს
,,გორის დარბაზის" ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი. მისი თქმით, მერიამ
კონკრეტული გეგმა, მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელებასთან
დაკავშირებით, დაიწუნა.
,,ასეთი ავარიების აღმოფხვრა ამხანაგობების მეშვეობით არაეფექტურია.
ზუსტად ამაზე იყო აგებული ჩვენი ბიზნეს-გეგმა, რომელიც, სამწუხაროდ,
დაიწუნა მერიამ და რაზედაც ველოდებით საიას დასკვნას, რამდენად
ობიექტურად იყო მიღებული გადაწყვეტილება." - აცხადებს თამაზ
მაყაშვილი.
რაც შეეხება ავარიულ შემთხვევებს, მსგავსი ფაქტის შემთხვევაში
წყალმომარაგების კომპანიაში მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ,
შემდეგ ნომერზე: (032) 293 00 00
სტატიის გამოყენების პირობები