ცხინვალი 1950-იან წლებში - ამ შინაარსის მასალა გამოაქვეყნა
ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელშიც ფოტოგრაფ ამირან ჩოჩიევის მიერ
გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.
ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქ ცხინვალს ,,სტალინირი'' ერქვა. (1931
წლიდან). საბჭოთა კავშირის დროს, ქალაქმა სახელწოდება 1961 წელს
დაიბრუნა.
,,თქვენი ბებიები და პაპები ამ დროს ახალგაზრდები იყვნენ; იყო
მშვიდობა და კეთილდღეობა; ყველა ბედნიერი იყო - მიმართავს ჟურნალისტი
მკითხველს.
ცხინვალი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი გახდა 1922
წელს.. საბჭოთა კავშირის დროს, პირველი აღწერა ჩატარდა 1926 წელს.
იმდორისათვის ქვეყნაში მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 666
494 მცხოვრებს [საქართველოს სტატისტიკის..., საფონდო მასალები].
მათგან სამხრეთ ოსეთის ოლქზე მოდიოდა 3,2 % (87 375 მცხ.).
1926 წ-დან 1939 წ-მდე ოლქის მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 18 500
კაცით, ხოლო მისი ხვედრითი წილი რესპუბლიკის მოსახლეობაში
შემცირდა.
1926-1939 წლებში მოსახლეობის მატებას, ხოლო 1939-1959 წლებში კი
პირიქით კლებას ადგილი ჰქონდა როგორც მთლიანად სამხრეთ ოსეთში, ისე
მის ცალკეულ ადმინისტრაციულ რაიონებში.( ცხინვალის რაიონის
გარდა).
30 წლის (1926-1956წ) განმავლობაში ოლქის მოსახლეობა გაიზარდა 12%-ით,
აქედან სოფლის მოსახლეობა 6.1%-ით.
სამხრეთ ოსეთის ოლქი გამოირჩეოდა საქართველოში 100 წლის ასაკს
გადაცილებული მოსახლეობის დიდი რაოდენობით.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენილობის მხრივ, ოლქი საკმაო სიჭრელით
ხასიათდება. აქ ცხოვრობენ ოსები, ქართველები, ებრაელები რუსები,
უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები [კვერენჩხილაძე,1968,
გვ 67-75].
დღეს, ცხინვალის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე,
რეგიონში ცხოვრობდა 72 000 ადამიანი, მათ შორის ცხინვალში - 30 000.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ 2009 წელს მოსახლეობა იყო დაახლოებით 50
000 ადამიანი.
„შინამეურნეობების კვლევის“ (Итоги переписи Южной Осетии за 2015
год) თანახმად, 2012 წელს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა იყო 51 572
ადამიანი, რომელთაგან 28 664 ადამიანი უშუალოდ ცხინვალში ცხოვრობდა.
ოსები მოსახლეობის 89.1%-ს, ქართველები - 8.9%, რუსები 1%, სხვა
ეროვნების წარმომადგენლები -1%-ს შეადგენდნენ.
2015 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ე.წ.სამხრეთ
ოსეთის მოსახლეობა 53 559 ადამიანია, მათ შორის 35 055 ურბანული
მაცხოვრებელი და 18 504 სოფლის მაცხოვრებელი (В Южной Осетии
происходит прирост населения).
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემების მიხედვით,
აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სულ 163 ათასი იძულებით ადგილნაცვალი
პირი იყო რეგისტრირებული. მათ შორის 36 ათასი ჩრდილოეთ ოსეთში
გადავიდა და 2008 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით მათი დიდი
უმრავლესობა უკან დაბრუნდა.
დანარჩენი 127 ათასი დევნილიდან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში გადანაწილდა, 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით 68 ათასი
რუსული ჯარების მიერ კონფლიქტის გარეთ საქართველოს ტერიტორიების
დატოვების შემდეგ უკან დაბრუნდა. დღეისათვის ცხინვალის რეგიონიდან
დევნილი მოსახლეობა დაახლოებით 26 000 ადამიანს შეადგენს და ისინი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არიან გადანაწილებულნი.
ტექსტის
წყარო:
თსუ, 2019 წელი;
ცხინვალის რეგიონის რეტროსპექტივა კარტოგრაფიული და დემოგრაფიული
წყაროების მიხედვით (XX-XXIსს)

სტატიის გამოყენების პირობები