სახალხო დამცველმა პარლამენტს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებებთან
დაკავშირებით, წინადადებით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის
მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების, აღმზრდელ–პედაგოგთა
საკვალიფიკაციო ჩარჩო–სტანდარტებისა და პროფესიული განვითარების
სქემის შემუშავებისა და დანერგვის კუთხი, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება კანონში უნდა იყოს ასახული.
ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო ჯგუფებში გადანაწილება და
აღმზრდელ–პედაგოგთა პროპორციული თანაფარდობა საერთაშორისო
სტანდარტებთან მიახლოებით უნდა განხორციელდეს;
ალტერნატიული და სპეციალური სასწავლო პროგრამების დანერგვის მიზნით,
დამატებითი ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა განისაზღვროს.
დასახვეწია მუნიციპალური კონტროლისა და შიდა მონიტორინგის სისტემა,
რათა სააღმზრდელო დაწესებულების არაგეგმიური შემოწმება სააღმზრდელო
საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის
მოთხოვნით მოხდეს;
ხოლო მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე დასკვნების
შემუშავებასა და მათ აღსრულებას სავალდებულო ხასიათი უნდა მიეცეს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაარეგულიროს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და კვების ორგანიზაციული წესების
მონიტორინგის საკითხი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონი (მე–15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის გარდა)
ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით
მექანიზმებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს
დასარეგულირებლად, შესაბამისად, საჭიროა გადაიხედოს კანონპროექტის
ამოქმედების თარიღი და დაწესდეს გონივრული ვადა მისი ძირითადი
დებულებების ძალაში შესვლისათვის.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ იგი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეფექტიანი
იმპლემენტაციის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტრუმენტი გახდება.
სტატიის გამოყენების პირობები