ახალი ამბები
„ალტ ინფოს“ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები ჩანს
„ალტ ინფოს“ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები ჩანს, ამის შესახებ კომისიამ განცხადება დღეს, 24 მარტს გაავრცელა.

„ალტ ინფოს“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას, ედუარდ მარიკაშვილმა მიმართა, თუმცა საჩივარი დაუშვებლად სცნეს, რადგან მათივე განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება, მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს.

„ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან“, – ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ედუარდ მარიკაშვილი არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთვის „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია ცდილობდა რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. გამომდინარე აქედან, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება. კომისიამ განმარტა, რომ ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები