დღეს, კვორუმის არარსებობის გამო, ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე
სხდომა არ ჩატარდა.
საკრებულოს წევრებს თავმჯდომარე, მოადგილე და 4 კომისიის თავმჯდომარე
უნდა აერჩიათ.
15 წევრიან საკრებულოდან რიგგარეშე სხდომაზე 4 დეპუტატი
გამოცხადდა.
სხდომას თვით ის წევრებიც არ დაესწრნენ, რომლებმაც რიგგარეშე სხდომა
მოითხოვეს.
სხდომას ესწრებოდნენ:
სოსო ფალელაშვილი - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები"
დავით წეწვაძე - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები"
თამარ თედლიაშვილი - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები -
გორელები"
მინდია გოდერძიშვილი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
არ ესწრებოდნენ არც კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები და არც
,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები. ასევე, ,,ბურჯანაძე -
დემოკრატიული საქართველოს" წევრი ზურაბ როსებაშვილი და
,,ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენელი ზაზა მეზვრიშვილი.
საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ რიგითი
სხდომის ხელახლა მოწვევა შესაძლებელია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია,
ამჯერად, ვინ მოითხოვს.
,,ეს რომ ყოფილიყო რიგითი სხდომა, საღამომდე დაველოდებოდით წევრებს და
გადავდებდით რამდენიმე საათით. თუ არ შემოიტანეს მოთხოვნა, რიგგარეშე
სხდომას რიგით სხდომამდე ვერ ჩავნიშნავთ" - ამბობს ზაზა
ნასყიდაშვილი.
შეგახსენებთ, 2015 წლის 5 თებერვალს, საკრებულოს 8 წევრმა თავმჯდომარე
და 4 კომისიის ხელმძღვანელები გადააყენა, ხოლო საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილემ იმპიჩმენტამდე თანამდებობა საკუთარი სურვილით
დატოვა.
სტატიის გამოყენების პირობები