ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 5 ჭაბურღილის მშენებლობა იგეგმება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დამატებით, 10 ჭაბურღილის მშენებლობა იგეგმება, აქედან 5 გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მოემსახურება.

აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის მოსახლეობა (ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი) უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. საქართველოს მუნიციპალიური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭირდო თანამშრომლობით, დასრულდა ჭაბურღილების მშენებლობა დიცში, ქორდში, წითელუბანში, ფლავსა და ფლავისმანში. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების უმეტესობა უზრუნველყოფილია სარწყავი წყლითაც. ამჟამად, მიმდინარეობს არხების გაწმენდის გეგმიური პროცესი.“

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული ოფისის ორგანიზებით შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო პროექტს, რომელიც უახლოეს პერიოდში, ახალუბანში განხორციელდება.

გაეროს ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნება რძის შემკრები პუნქტი, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ოჯახებმა, საწვავი შეშის დამარაგების მიზნით, სახელმწიფოსგან 200 ლარიანი დახმარება მიიღეს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტში 1 400 000 ლარი დაიხარჯა.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის, თამაზ გვიმრაძის თქმით კი გრძელდება პროგრამა „სახლი სოფლად“, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოფლად საცხოვრებელი სახლის შეძენას ითვალისწინებს. პარალელურად, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახალი პროექტის განხორციელებას - „ღირსეული სიბერე“ დაიწყებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები