ახალი ამბები
ერთაწმინდელებს ტურისტების ერიდებათ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში სტუმრად მყოფი ტურისტები სასმელ წყალს ოჯახებში ეძებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა უამბეს.

მათი თქმით, იმ დროს, როდესაც ერთაწმინდის მიწა ბუნებრივი წყლებით გაჯერებულია, ტურისტებს კარდაკარდასალევად წყლის მოთხოვნა არ უნდა უწევდეთ.

ნოდარ სულუაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზები იცის, რადგან წლების განმავლობაში ამ სფეროში იყო დასაქმებული.

,,ამას მხოლოდ თანხის გამოყოფა და მილების ყიდვა ჭირდება. ჩამრთონ ამ საქმეში და სოფელში ცარიელი ონკანები აღარ იქნება" - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი ნოდარ სულუაშვილი.

სოფლის ცენტრში ორი ონკანია გაკეთებული, თანაც თანამედროვე მოპირკეთებით. სულუაშვილი ამ ონკანებს საჩვენებელ ობიექტს უწოდებს.

ახალქალაქის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი კოტე წერეთელი თვლის, რომ ჯერ საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი, შემდეგ კი მშენებლობები უნდა დაიწყოს.

,,ამას გარკვეული დრო ჭირდება და დამერწმუნეთ, ეს პრობლემა მოგვარდება" - აცხადებს კოტე წერეთელი.

მთიდან მომდინარე წყლები ქუჩებში მიედინება. ამის გამო, ზამთარ-ზაფხულ სოფლის გზები ატალახებულია.

მოსწავლეები ავტობუსის გაჩერებამდე რეზინის ჩექმებით მიდიან. ტალახიან ფეხსაცმელს ადგილზე ტოვებენ და შემდეგ 10 მოსწავლისთვის გამოყოფილი ტრანსპორტით სკოლაში მიდიან. უკან დაბრუნებისას ისევ იცვლიან და სახლამდე ტალახიან გზებს გადიან.

სოფელში ამბულატორია არ არის და ნოდარ სულუაშვილი ექთნის დანიშვნას ითხოვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები