ახალი ამბები
ამერიკის ელჩმა გორში ,,აგროქართლის" პროექტი დაათვალიერა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი გორს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში გორში აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მოინახულეს და მათ მუშაობას გაეცვნენ, შეხვდნენ „აგრო ქართლის“, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის და ამერიკული კუთხის ბენეფიციარებს.

„მომეცა შესაძლებლობა ვსტუმრებოდი რეგიონს და პირადად მენახა თუ როგორ მუშაობს ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია. ძალზედ მახარებს ის, რომ ჩვენს ივესტიციებს ადამიანებისთვის წარმატება მოაქვს“. აღნიშნა იან კელიმ.

„აგრო ქართლი“ ფერმერთა მომსახურეობის ცენტრია, რომელიც ფუნქციონირებს USAID-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის მხარდაჭერით.

ცენტრი „აგროქართლი“ სოფლად დასაქმებასა და შემოსავლების გაზრდაზე მუშაობს, აგრეთვე ტექნიკურ დახმარებას უწევს აგრობიზნესს და ახორციელებს ინვესტიციებს ფერმის დონეზე.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულმა ცენტრმა აღჭურვილობა განაახლა და პროდუქცია მეტად მრავალფეროვანი გახადა.

„აგროქართლმა“ ფერმერებს მაღალი ხარისხის თესლი, სასუქი, მასალები და ტექნიკა გადასცა.

აგრო ქართლის საქმიანობა გორსა და მიმდებარე სოფლების მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები