ახალი ამბები
გამგებლის ,,გაფრთხილება" უსაფუძვლო აღმოჩნდა
დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ,,გაფრთხილებას" მოტივი დაუწუნა და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ამის შესახებ გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ნანა ტერმაკოზაშვილს გამგებელმა დავით ონიაშვილმა ,,გაფრთხილება" 2015 წლის 16 დეკემბერს მისცა.

ნანა ტერმაკოზაშვილს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მოქალაქე წყენია გამგებელის დანიშვნაში დასდეს ბრალი.

წყენია გამგებელი კი, თანამდებობაზე 2014 წლის ნოემბერს გამგეობაში შექმნილმა საატესტაციო კომისიის 7-მა წევრმა დანიშნა.

ამ 7 წევრს საბუთები ნანა ტერმაკოზაშვილმა მოუმზადა.

საბუთების მიხედვით, წყენია გამგებელს გამოცდაზე ის ქულები არ ჰქონდა მიღებული, რომელიც უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნას ჭირდებოდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, ამის გამო, საყვედური ნანა ტერმაკოზაშვილს მისცა.

ნანა ტერმაკოზაშვილმა ,,გაფრთხილება" უსაფუძვლოდ მიიჩნია და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მისი ინტერესების დამცველების განცხადებით, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიმღები კომისიის წევრებს ეკისრებოდათ.

გორის მოსამართლემ აღნიშნული პოზიცია გაითვალისწინა და ნანა ტერმაკოზაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.

გამგეობის იურისტს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აქვს, თუმცა უცნობია, რევაზ გოგიაშვილი გაასაჩივრებს თუ არა.

სამსახურიდან პროტესტის ნიშნად წასული მოხელის ინტერესებს საქართველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის იურისტები იცავდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

გორის გამგეობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა დატოვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები