ახალი ამბები
ხაშურის გამგეობის თანამშრომლებზე დანამატები გაიცა
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის თებევრალში თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი გასცა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან წერილობით გამოითხოვა.

გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სახელფასო დანამატის სახით გამგეობის 124 თანამშრომელზე გაცემულია 19 792 ლარი. როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა დანამატი არ აუღია მუნიციპალიტეტის გამგებელს.

სახელფასო დანამატი არა, მაგრამ პრემიები გამგეობის თანამშრომლებზე გასულ წელს გაიცა, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა.

საახალწლოდ მუნიციპალიტეტის გამგეობის 138 თანამშრომელზე პრემიის სახით 51 245 ლარი გაიცა, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ხაშურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ სახელფასო დანამატების გაცემა საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 37-ე მუხლის პირველი,მეორე და მესამე პუნქტების საფუძველზე მოხდა.

პუნქტი 1.მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები