ახალი ამბები
სოფელ ქვეშში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ მოამზადა და გორის მერიას გადაუგზავნა გასაცნობად.

თავის მხრივ, მერიამ დოკუმენტი სოფელ ქვეშში ადგილობრივ მცხოვრებლებს გააცნო.

დოკუმენტის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს 2264 ერთეული მზის მოდულის დამონტაჟებას

,,მზის მოდულების საყრდენების დასამონტაჟებლად დაგეგმილია 20410 კვ.მ ფართობის ტერიტორიის მოსწორება და არსებული ზოგიერთი ხემცენარის მოჭრა. სამონტაჟო სამუშაოების დროს ადგილი ექნება მხოლოდ ინეტრული, მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნას. სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი მიწა, როგორც ინერტული ნარჩენი, გამოყენებული იქნება ამოვსებითი ღონისძიებებისთვის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, ხოლო საყოფაცხოვრებო და მცენარეული ნარჩენები გატანილი იქნება ტერიტორიიდან შესაბამისი სამსახურის მიერ.'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

მზის მოდულების ექსპლუატაციის ვადა გათვალისწინებულია საშუალოდ 25 წელი.

დოკუმენტის მიხედვით, მათი დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ნარჩენების შეგროვება, შენახვა და განკარგვა მოხდება საჭიროებისამებრ, ნარჩენების მართვის კოდესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება ისეთ ობიექტებს, რომლების მზის ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს, მათ შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ:

,,საპროექტო ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიები არ ფიქსირდება. ტყვიავიდან დაახლოებით 13-14 კმ-ში არის ლიახვის ნაკრძალი, რომელზედაც ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების რისკებიდან აღსანიშნავია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და აკუსტიკური ფონის შეცვლა. დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, უახლოესი საცხოვრებელი ზონების საზღვრებზე მავნე ნივთიერებათა და ხმაურის ზენორმატიული გავრცელება მოსალოდნელი არ არის და შესაბამისად ნეგატიური ზემოქმედების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.'' - აღნიშნულია დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები