ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა გლდანის ციხიდან გათავისუფლებულ
პატიმრებს კომპენსაციის სახით 50-50 ათასი რუბლს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოსური და რუსულენოვანი საინფორმაციო
საშუალებები ავრცელებს.
,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ
გათავისუფლებულ ოს პატიმრებს ცხინვალის ცენტრში თანაქალაქელებმა და
ახლობლებმა დახვედრა მოუწყეს.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, 10 მარტს ქართულმა,
ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა პატიმრები გაცვალეს.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის გორის ტერაქტში მონაწილეობის
ბრალდებით დაკავებული გიორგი ვალიევი, გიორგი ზასეევი, იოსებ კოჩიევი
და ბორის ტურაშვილი აღმოჩნდნენ.
დახვედრის თვითმხილველი ჟურნალისტი წერს, რომ ცხინვალის მოედანზე
მისულ მიკროავტობუსს ხალხი გარს შემოეტყა. ახლობლებმა, ნაცნობებმა თუ
უცნობებმა ყოფილ პატიმრებს ხელი ჩამოართვეს, საუკეთესო სურვილები
უსურვეს და ბევრს თვალზე ცრემლიც მოადგა.
ერთ-ერთი გათავისუფლებულის დედამ, ადგილობრივი ლიცეუმის
წარმომადგენელმა ლუდმილა უსოვიჩმა ,,კავკაზსკი უზელის" ჟურნალისტს
უთხრა, რომ ბოლო დღემდე არ იცოდა პატიმრების გაცვლის შესახებ.
,,ჩემი შვილი მეორედ დაიბადა" - თქვა ლუდმილა უსოვიჩვა. ის ყველას
მადლობას უცხადებს, ვინც მისი შვილის გათავისუფლების საქმეში წვლილი
შეიტანა.
მასთან ერთად იმ ლიცეუმის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, სადაც ლუდმილა
უსოვიჩი ხელოვნებას ასწავლის.
მოსწავლეებმა გაიხსენეს, რომ მათი მასწავლებელი შვილის
გათავისუფლებას ყოველ წელს ელოდებოდა, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო
წლები პატიმრობაში გაატარა.
გათავისუფლებულებს დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც
მიესალმა და გათავისუფლება მიულოცა.
ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ბორის ტურაშვილმა პრეზიდენტს უთხრა, რომ
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეში მათ ჰუმანურად
ეპყრობოდნენ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა,
ციხეში აგრესიული მოპყრობა შეწყდა, სამედიცინო დახმარებასაც
იღებდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები