ახალი ამბები
ლეონიდ თიბილოვი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა.

ეს განცხადება მან ძალოვან მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრას დე-ფაქტო მინისტრებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ჟენევის ოთხ მხრივ შეხვედრებზე მურატ ჯიოევიც ესწრებოდა.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ჯიოევს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიპლომატების დამსახურებაა ის, რომ თბილისის ციხებიდან პატიმრების გათავისუფლება მოხდა.

შეხვედრის დეტალების შესახებ ოსური სააგენტო „ოსინფორმი“ წერს.

თიბილოვმა დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს დავალება მისცა, რომ ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარონ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია იმ მოქალაქეების ბედიც, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. გავაგრძელებთ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ .“ - განაცხადა თიბილოვმა.

მურატ ჯიოევმა აღიშნა, რომ 22-23 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააჟღერებს.

ჯიოევმა აღნიშნა ისიც, რომ ჟენევაში აუცილებლად დააყენებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასული კვირის კრიმინალური მდგომარეობა მიმოიხილეს. ყურადღება ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გაამახვილეს, რომელიც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების დაუდევრობას ემსხვერპლა. ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.

ცნობილი ხდება, რომ ცხინვალის ქუჩებზე და მის მიმდებარედ ავარიევი გახშირდა. ამის მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მიერ მანქანის მართვაა.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. შსს წარმომადგენელს ახსარ ლავოევს დაავალა, რომ ივლისამდე არაღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიდეოკამერების დმონტაჟებამდე დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები