ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე არსებულ ქვიშა-ხრეშის
კარიერზე ქვის-სამსხვრევი ქარხანა დაამონტაჟეს, თუმცა პირველივე
დღესვე დაიმსხვრა. ამ ფაქტის არ სჯერა იმ კომპანიას, რომელმაც
დანადგარები თურქეთიდან გამოგზავნა.
თურქეთში, ქალაქ ანკარაში რეგისტრირებულმა კომპანია ქვიშა-ხრეშის
ქარხნისგან 330 541 აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.
ქვიშა-ხრეშის კომპანიის დირექტორმა თურქულ კომპანიას აცნობა, რომ
თანხის ნაწილი 105 000 დოლარი გადაუხადა მათ წარმომადგენელს
საქართველოში, თუმცა 105 000 დოლარი ანკარამდე არ მისულა. თურქული
კომპანია აცხადებს, რომ მათი წარმომადგენელი იმ დროს უკვე
გათავისუფლებული ჰყავდათ სამსახურიდან, შესაბამისად, თანხა მისთვის არ
უნდა მიეცათ.
ქვის-სამსხვრევი ქარხნის ამბავი ჯერ რაიონულ სასამართლოში, შემდეგ კი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილეს. სასამართლომ 105 ათასი
დოლარი გადახდილად ჩათვალა. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, 225 642 აშშ
დოლარს, სასამართლომ ქვიშა-ხრეშის ქარხანას მისი გადახდა
დააკისრა.
რა მოხდა?
კომპანია ,,ი-მა", რომლის პარტნიორი იყო, სასამართლო გადაწყვეტილების
მიხედვით, რევაზ მუმლაძე, დაიწყო მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან.
აღნიშნული კომპანია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, თუმცა ინერტული
მასალების ამოღება ხაშურის ტერიტორიაზე გადაწყვიტა.
იმ პერიოდში, თურქულ კომპანიას საქართველოში ჰყავდა წარმომადგენელი
ვინმე მ.ს, რომელთანაც ქართულ კომპანიას შესანიშნავი ურთიერთობა
ჰქონდა. როგორც სასამართლოზე მოწმეებმა განაცხადეს, დირექტორები
ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ჩამოიტანეს დანადგარები,
დაიწყეს მონტაჟი, თუმცა ამუშავებისთანავე ქვის-სამსხვრევი ქარხანა
დაიმსხვრა.
ამის შემდეგ, ქვიშა-ხრეში ქარხნის დირექტორსა და თურქული კომპანიის
წარმომადგენლებს შორის დაიწყო მოლაპარაკება ქარხნის შეკეთების
თაობაზე. როგორც სასამართლოზე განაცხადეს, ქარხანა შეარემონტეს, თუმცა
ქართული კომპანია აცხადებს, რომ ქარხანა იმ რაოდენობის მასალას არ
ამზადებს, რაც გეგმით ჰქონდათ გათვალისწინებული.
ქვიშა-ხრეშის ქარხანამ დაიქირავა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს
თანამშრომლები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ქარხანა
1 საათში იმუშავებს 42 ტონა დამტვრეულ ქვას.ქარხნის ხელმძღვანელი კი
აცხადებს, რომ ქარხანას 1 საათში უნდა გამოემუშავებინა 150-ან 300-მდე
ტონა ინერტული მასალა.
ქარხნის დირექციამ სასამართლოზე განმარტა, რომ თურქულ კომპანიას 105
000 დოლარი მას შემდეგ გადაუხადეს, რაც დანადგარი შეაკეთეს. თუ რატომ
არ ჩაიტანა ეს თანხა მ.ს-მ ანკარაში, ეს ჩვენი პრობლემა არააო.
მოსამართლემ განმარტა, რომ თურქულ კომპანიას, წარმომადგენლის შეცვლის
თაობაზე, ინფორმაცია წინასწარ უნდა შეეტყობინებინა ქარხნისთვის.
შესაბამისად, 105 000 დოლარი ვალად არ ჩაითვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა უზენაეს
სასამართლოში გაასაჩივრეს. თავდაპირველად, მხარეებს მორიგება
შესთავაზეს, თუმცა 2023 წლის 19 ივლისს მორიგება არ შედგა. ამის
შემდეგ უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა,რომ თბილისის სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.
რაც შეეხება ,,გამქრალ" 105 000 დოლარს, ქარხნის დირექციამ წარადგინა
თანხის გადახდის დოკუმენტი, რომელზეც დამოწმებული იყო ხელმოწერა და
თურქული კომპანიის ბეჭედი. თურქული კომპანია აცხადებს, რომ თანხის
მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაც და ბეჭედიც არაავთენტურია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქვიშა-ხრეშის კომპანია არ იყო ვალდებული,
რამდენად ორიგინალური იყო ხელმოწერა და ბეჭედი.
ფოტო: თემატური
სტატიის გამოყენების პირობები