19 დღე დარჩა იმ პროექტის დასრულებამდე, რომელიც ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში ხორციელდება.
ქარელის მერიის ცნობით, კომპანია ,,ლაქ-დეველოპერს'' ოფიციალურად
შესრულებული აქვს სამუშაოთა 47%. თანხა გადაურიცხეს 433 621 ლარის
ოდენობით. ჯამში პროექტის ღირებულება 924 400 ლარია.
საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის'' ცნობით, სამშენებლო
კომპანია ერთ-ერთ ბოლო წერილით, იმაზე მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე
სამუშაოები შეასრულა.
,,ოპტიმალ გრუპის'' დასკვნით, დასადგენია სამუშაოთა მოცულობა და
ხარისხის შესაბამისობა. ქარელის მერის წერილობითი განმარტებით,
საკითხს შეისწავლიან მას შემდეგ, როდესაც კომპანია სამუშაოებს
დაასრულებს.
თუმცა როდის დასრულდება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის
თანამშრომლებმა 156 დღე უკვე იმუშავეს, დარჩენილია მხოლოდ 19 დღე.
შესრულებულია 47%.
ეთანხმება თუ არა ქარელის მერიის პოზიციას სამშენებლო კომპანიის
წარმომადგენლობა, ამის თაობაზე საპასუხო წერილი გამოქვეყნებული
არაა.
ცნობისათვის, აბისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის
სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაცია შ.პ.ს. "არქი ჯგუფმა"
დაამუშავა
საველე საკვლევაძიებო და ტოპოგადაღების სამუშაოების შედეგად მიღებული
ინფორმაციისა და მიღებული დავალების შესაბამისად დამუშავებული
პროექტით გათვალისწინებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში
სასმელი წყლის ჭაბურღილის, V=300 მ3 მოცულობის რკ/ბეტონის
რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენისა და შიდა ქსელის მოწყობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში, მოსახლეობის
სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით
(მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ჰიდროგეოლოგიური დასკვნის
საფუძველზე) დაგეგმილია ჭაბურღილის მშენებლობა (სიღრმით 110 მ.
საპროექტო დებიტი 12-13 მ3/სთ).
გათვალისწინებულია საქლორატოროს მოწყობა, წყალმომარაგების დაქლორვა
მოხდება აქტიური ქლორის შემცველი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 15%-იანი
ხსნარით.
სოფლის მიმდებარედ, მაღალ წერტილზე დაგეგმილია რკ/ბეტონის 300 მ3
მოცულობის რეზერვუარის მოწყობა. საიდანაც თვითდინებით პოლიეთილენის
მილსადენით მოეწყობა წყალსადენის შიდა ქსელი.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია წყალმზომი კვანძების მოწყობა,
გამრიცხველიანება მოხდება 219 კომლზე.
სტატიის გამოყენების პირობები