ცხინვალელი ბიზნესმენები რუსეთთან დაწესებულ ახალ საბაჟო გადასახადს
აპროტესტებენ. გამოცემა ,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ახალი ტარიფით
უკმაყოფილება მეწარმეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,ფარნის''
წევრებმა გამოთქვეს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი დადგენილების მიხედვით, იმ
შემთხვევაში, თუ ერთო დოლარის ფასი 95 რუბლზე მეტი ეღირება, გარკვეულ
საქონელზე საბაჟო გადასახადი 7%-ს გადასცდება.
ამას ემატება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ დაწესებული
გადასახადებიც. მაგალითად, როგორც მეწარმეები ამბობენ, არასასურსათო
საქონელზე საბაჟო გადასახადმა უკვე 10%-ს მიაღწია. მოითხოვენ, რომ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამ კუთხით გადასახადები ან
გააუქმოს, ან შეამციროს.
,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ბიზნესმენები თვლიან, რომ ადგილობრივმა
ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება განსაკუთრებით იმპორტირებულ საკვებ
პროდუქტებზე გადასახადების მოსახსნელად.
"ფარნის" ხელმძღვანელის ალბერტ ვალიევის თქმით, ლოჯისტიკაც,
გამარტივების ნაცვლად, მუდმივად რთულდება:
"გუშინწინ შევხვდით მეწარმეებს და გადავწყვიტეთ, რადიკალურად
დაგვეყენებინა ეს საკითხი ჩვენს ხელისუფლებასთან - ან ჩვენ შორის
საბაჟო მოიხსნას, ან რუსეთთან გავერთიანდეთ. ან შექმენით ისეთი
ალიანსი, როგორიც რუსეთი და ბელორუსია. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური
გადაწყვეტილება მაღალ დონეზე." - აცხადებს ვალიევი.
ბიზნესმენების თქმით, ზოგიერთ საქონელზე საბაჟო ფასი 10%-მდე
გაიზარდა, შესაბამისად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფასები კიდევ უფრო
გაძვირდება.
"ჩვენ თავს გადასახადებს ვუწევთ მაშინ, როცა არაფერს ვაწარმოებთ. ანუ
დღგ-ს ორჯერ ვიხდით: რუსეთის საბაჟოზე და ჩვენს საბაჟოზე. და ეს
ყველაფერი მომხმარებლისთვის საბოლოო ფასში აისახება", - ჩივიან
მეწარმეები.
სტატიის გამოყენების პირობები