საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე
დააკავეს.
ერთი მათგანი ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომის, ხოლო მეორე ახალგორის
რაიონის სოფელ ბალაანის ტერიტორიაზე.
სუს-ის ცნობით, დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი თბილისელია, ხოლო მეორე - შიდა ქართლში
მცხოვრები.
,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი". ინფორმაცია უკანონო
დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო
პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ
დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში
გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის
გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა
ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ფოტოზე: სოფელი ღრომი,
ცხინვალის რაიონი
სტატიის გამოყენების პირობები