ახალი ამბები
ქარელის შს სამმართველოს აგარის განყოფილების უფროსი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - იოსებ გელაშვილი დააკავეს.

სოსო გელაშვილი აგარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შსს-ს ცნობით, გელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდება წაუყენეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა დასამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები