ახალი ამბები
,,ოქტომბერიც გავიდა'' - გორის ,,ახალბაღის'' პარკის რეაბილიტაცია საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს
გორის ,,ახალბაღის'' პარკის რეაბილიტაცია 130 დღის წინ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სამშენებლო კომპანია ,,ავარდმა'' 6,8 მლნ ლარი უკვე აითვისა. ჯამში კიდევ 2,3 მლნ ლარი აქვს მისაღები.

სამუშაოები, რომელიც 2021 წლის ივნისში დაიწყო, 2023 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.



გუშინ, გორის საკრებულოს წევრებმა მმართველი პარტიიდან რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სხვა დამატებითი ინფორმაცია არაა მოწოდებული.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ივლისში აცხადებდნენ, რომ რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონების კონსტრუქციები მიიტანეს. 



რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას; ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების დ სპორტული ზონის მოწყობას; მიმდინარეობს არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის რეაბილიტაციას.

პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის.

პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები