გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები
დასრულდა, თუმცა მიმდინარეობის ექსპერტიზა.
სამშენებლო კომპანია ,,ბე-პეს'' დირექტორის ბესიკ ჩარგეიშვილის თქმით,
ობიექტი ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზას მერიის მიერ
დაქირავებული კომპანია ,,ოპტიმალ გრუპ პლიუსი'' აწარმოებს.
ბესიკ ჩარგეიშვილის განცხადებით, პირველადი ვერსია, რომ დენი
განათების ბოძზე დაზიანებული ნათურიდან გადავიდა, არ დადასტურდა:
,,აღმოჩნდა, რომ არც ნათურის ბრალი ყოფილა. ვერ გავიგეთ, საიდან
გადავიდა დენი'' - გვითხრა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა.
საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის'' მენეჯერმა დიმიტრი
მხეიძემ დაგვიდასტურა, რომ ამჟამად ობიექტს ექსპერტიზა უტარდება,
თუმცა იმ ფარგლებში, რა სამუშაოებიც შეასრულა მშენებელმა.
,,ჩვენ ობიექტს ექსპერტიზას ვუტარებთ იმ წარმოდგენილი ინფორმაციის
მიხედვით, რასაც ფორმა 2-ის სახით კომპანია გვაწვდის. შემდეგ ვახდენთ
ობიექტის შესწავლას. როგორც ღია, ასევე ფარულ სამუშაოებსზე. როგორც კი
ექსპერტიზა დასრულდება, ჩვენ დასკვნას გადავუგზავნით მერიას. იქ
იქნება საუბარი ხარისხის შესახებ. თუ სამუშაოები კარგად არის
შესრულებული, ვიტყვით, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუ იქნება
ხარვეზები, მივუთითებთ კომპანიას, რომ გამოასწოროს და ა.შ.'' - ამბობს
დიმიტრი მხეიძე.
რაც შეეხება კონკრეტულად დაზიანებული ნათურიდან დენის გადასვლის
ფაქტს, ,,ოპტიმალ გრუპის'' წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა
სამშენებლო კომპანიამ ფორმა 2-ის წარმოდგენამდე გამოასწორა
მდგომარეობა:
,,როცა ეგ ინციდენტი მოხდა, ჩვენ მაშინვე მოვიკითხეთ ობიექტი, თუმცა
აღმოჩნდა, რომ ობიექტი მშენებლობის პროცესში იყო და ბუნებრივია, ჩვენს
მიერ შემოწმებული არ იყო. იმის მერე შეიძლება კომპანიამ აღმოფხვრა
ხარვეზი, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ. საბოლოოდ, რასაც ჩავიბარებთ, იმის
ხარისხს ვამოწმებთ.'' - განმარტავს საზედამხედველო კომპანიის
მენეჯერი.
,,ინციდენტი'' 24 სექტემბერს მოხდა. ბავშვი გადარჩა. გორის მერის
მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა პირობა დადო, რომ გამომწვევ მიზეზებს
დაადგენდნენ, თუმცა ორი თვის შემდეგაც უცნობი რჩება, რატომ იყო ძაბვა
გარეგანათების ბოძზე.
აღსანიშნავია, რომ გარეგანათების ბოძი სტადიონის შემოღობილი ნაწილის
გარეთ დგას და ნებისმიერ ბავშვს მიუწვდებოდა ხელი.
სტატიის გამოყენების პირობები