ახალი ამბები
ხურვალეთში პედაგოგებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ტრანსპორტის მოწესრიგებას ითხოვენ.

პედაგოგი ზიზი კურმაშვილი გვეუბნება, რომ ხელფასის დიდ ნაწილს ტაქსიში ხარჯავს.

,,ხურვალეთში სოფლის ავტობუსი შუადღის შემდეგ აღარ დადის. ამიტომ, მიწევს ტაქსებით სიარული. ხელფასიც ისედაც მიზერულია. სახლში დასაბრუნებლად მიწევს ტაქსიში 15 ლარის გადახდა. კვირაში ორჯერ დავდივარ. გადაამრავლეთ ეს თვის განმავლობაში რამდენი გამოდის. მე ვიღებ დანამატს მთის ზონის ხელფასს, 113 ლარს. თვეში კი ვხარჯავ 130 ლარს. გამოდის, რომ არ ვსარგებლობ შეღავათით'' - ამბობს ზიზი კურმაშვილი.

მისი ცნობით, სკოლაში მუშაობას იმ დროს ამთავრებს, როდესაც სოფლის ტრანსპორტი აღარ დადის:

,,სკოლიდან გორში დაბრუნება რომ მინდა, უნდა წახვიდე ან ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში და იქიდან გაყვე. წარმოიდგინეთ, რა რთული გზის გავლა გვიწევს. ჩვენც იქნებ ვინმე იფიქროს, რა დღეში ვართ'' - ამბობს ზიზი კურმაშვილი.

პედაგოგი დილით გორიდან სოფლის მიკროავტობუსს მიყვება, რომელიც 8 საათზე ავტოსადგურიდან გადის. სოფლის მიკროავტობუსი სოფლიდან მალევე ბრუნდება. მეორე რეისი გორიდან 13 საათზე გადის, ხოლო სოფლიდან უკან გორში 13:40 სთ-ზე ბრუნდება:

,,ამის შემდეგ სოფლიდან ქალაქში ვეღარ დაბრუნდები. უნდა გამოიძახო ტაქსი.'' - განმარტავს ზიზი კურმაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები