ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ქარსაფარი ზოლებს აწყობენ
2014 წლის 28 მარტს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით 800-მდე ნერგი დაირგო.

აქციაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის "მწვანე კედელი" ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) ფინანსური ხელშეწყობით.

პროექტის მენეჯერია ნინო მეგრელიშვილი, ხოლო თანაავტორი თეა გიგუაშვილი. თე გიგუაშვილის თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც აცნობა, რომ მის სახლთან ახლოს ბულდოზერებით ქარსაფარ ზოლებს ჭრიან:

,,მე დამიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რაც მის სახლთან ახლოს ხდებოდა. დავინტერესდი მაშინ, თუ რა მდგომარეობაში გვაქვს ამ მხრივ რაიონში სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ არსებობს. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ასეთი პროექტი განგვეხორციელებინა'' - ამბობს თეა გიგუაშვილი.

პროექტი ნინო მეგრელიშვილმა შეიმუშავა. მონაცემები შეაგროვა და დემოკრატიის სკოლაში წარადგინა. მასში დემოკრატიის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. იდეას შეუერთდა ქუთაისისა და თელავის დემოკრატიის სკოლებიც.



პროექტის პრეზენტაცია გასულ წელს, 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციაზე დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად ექსპერტებმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

მომხსენებლებმა - ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი დეტალურად ისაუბრეს ქარსაცავების თემის ირგვლივ - თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქარსაცავის არ არსებობამ, ამჟამად რა მდგომარეობაა შიდა ქართლის რეგიონსა და მთელ საქართველოში, რა კანონმდებლობა არსებობს ამ მიმართულებით, რა ცვლილებებია განსახორციელებელი და ა.შ. სწორედ მაშინ დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები