ახალი ამბები
გორის ცენტრში შეჯახებისას დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია
მანქანის მძღოლი, რომელიც გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი აღმოჩნდა.

„სამწუხარო შემთხვევა მოხდა, მანქანას ჩვენი ექიმი მართავდა, მომხდარზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. შემიძლია გითხრათ, რომ მძღოლს შემოწმება ჩაუტარდა და არაფერი დაუდგინდა“ - გვითხრეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, რომლის დაქვემდებარებაშიც გორის სამხედრო ჰოსპიტალია.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებული მამაკაცი, რომელიც საღამოს საათებში მთავარ მოედანზე გადადიოდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაზარალებული 26 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში მაშინვე გადაიყვანეს. მობილიზებული იყო ორი სასწრაფო მანქანა.

მკურნალი ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
,,შემოიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში, ამასთან ერთად სხეულზე რამდენიმე მოტეხილობაც აღენიშნება. იმის გამო, რომ კომატოზურ მდგომარეობაშია, ჯერჯერობით, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. აღენიშნება ქალატვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა მცირე დოზით, ზედა ყბის ძვლის მორჩების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, კომა სუნთქვის უკმარისობა. დაზარალებულს ჩაუტარდა ნარკოტესტი და დადგინდა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ის ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაში რჩება, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვა არ უნდა იყოს“ ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი ნინო ქადეიშვიული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები