ახალი ამბები
,,პასუხი რომელ სახელმძღვანელოში მოვუძებნო?! ან როგორ ჩავხედო თვალებში?!'' - პედაგოგი რუსულ კანონზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, კასპის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ნიპარიშვილი ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს:

,,მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ.

ვასწავლი აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობებს, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ზრუნვას, ტოლერანტობას, პრულარიზმს, კრიტიკულ აზროვნებას ...

ვასწავლი იმას, რომ ყოველთვის დასვან შეკითხვა:

რატომ?!

იმასაც ვასწავლი, პასუხი რა ხერხებითა და ფორმებით ეძიონ.

ვასწავლი ქვეყნის სიყვარულს!

ვასწავლი იმას, რომ ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას , მუდმივად უნდა უდარაჯონ!

და ერთ დღესაც, ჩემი მოსწავლეები რომ მომიბრუნდებიან და შემეკითხებიან:

- რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთ, თქვენ ხომ სულ სხვა რამეს გვასწავლიდით?

პასუხი რომელ სახელმძღვანელოში მოვუძებნო?!

ან როგორ ჩავხედო თვალებში?!

ინდეფერენტულობა, კომფორმიზმი და გაჩუმება, დანაშაულია! დანაშაულია ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!

იაზროვნე, გაბედე, გამოხატე !

მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ და არ მაქვს უფლება დავდუმდე ! იმიტომ, რომ მასწავლებელი ვარ! იმიტომ , რომ მოქალაქე ვარ! იმიტომ , რომ ეს ჩემს ქვეყანას ეხება!

და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა საგანს ასწავლი:

იაზროვნე, გაბედე, გამოხატე!

ეს ყველა მასწავლებლის ვალდებულებაა!'' - წერს პედაგოგი.


--------------

შეგახსენებთ,  2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები