ახალი ამბები
გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა ახალგაზრდა წევრმა
გორის მერიის მრჩეველთა საბჭო წევრმა, 21 წლის ზურა მაჭარაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ახალგაზრდულ საკითხებს კურირებდა.

მისი განცხადებით, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და ყოფნის დროს, გაუმძაფრდა სამშობლოს სიყვარული და დაფასება. ამიტომ, ფიქრობს, რომ საქართველოსა და ახალი თაობის ინტერესების გამომდინარე, - ,,კი ევროპას და ევროპულ მომავალს!'' 

,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ პროტესტის ნიშნად მრჩეველთა საბჭო დავტოვო. ჩემი და ჩემი მეგობრების სწავლა-განათლებაში, გაძლიერებასა და განვითარებაში ზუსტად რომ ევროკავშირს და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს უდიდესი თანხა აქვთ გადახდილი. მიუხედავად ამისა, არასდროს ვიქნები რომელიმე სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი, თუნდაც მათი, გარდა ერთი სახელმწიფოსი, რომელსაც საქართველო ჰქვია.''

,,15 ქვეყანა ვნახე უკვე 21 წლის ასაკში, ზოგიერთში მცირე დროით ვიცხოვრე კიდეც და ეს ყველაფერი სწორედ მათი დამსახურებით, იქ მივიღე განათლება და სწორედ რომ იქ ყოფნისას, უფრო გამიმძაფრდა ჩემი სამშობლოს სიყვარული და დაფასება. კარგად შემიძლია ცუდისა და კარგის გარჩევა. სწორედ რომ საქართველოს და ახალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე - კი ევროპას და ევროპულ მომავალს. ჩვენი ქვეყნის სიყვარულში გავეჯიბროთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს'' - წერს ზურა მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის", ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის" სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები