ახალი ამბები
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური მეხუთედ დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის სასაფლაოზე რამაზ ბეღელური დააკავეს.

ბეღელურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის ასაკში გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

როგორია 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახმა ამ დრომდე არ იცის. ოჯახის წევრების ცნობით, რამაზს ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.

დაკავებულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ.

რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცების შესახებ პოლიციას თავად აცნობა, თუმცა რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად, სამართალდამცველებს ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტზე, უკვე მეხუთედ დააკავეს. როგორც რამაზ ბეღელური ამბობდა, პირველი დაკავების დროს, ავტომატის კონდახებით სცემეს, მომდევნო დაკავების დროს, გასაღებით თავი გაუტახეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გორისა და თბილისის კლინიკებში იმკურნალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები