ახალი ამბები
რაზე ისაუბრეს ტყვიავში ოქრუაშვილის სუფრის წევრებმა
2016 წლის 12 მარტს აწ უკვე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ სახლში ბუხართან გაშლილ სუფრაზე საკრებულოს წევრები დაპატიჟა.

სუფრაზე, ოქრუაშვილის თანაპარტიელების გარდა, ,,რესპუბლიკელი" დავით რაზმაძე და ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი იმყოფებოდნენ.

შეხვედრას და ერთმანეთის რჩევების მიცემას დავით რაზმაძე ხელმძღვანელობდა.

„საუბარი ქალაქში არსებულ ვითარებას, მერიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს ეხებოდა.“ - გვითხრა დავით რაზმაძემ.

„რესპუბლიკელი“ რაზმაძე თვლის, რომ საკრებულოში ოქრუაშვილის მუშაობა მისაღებია.

„მე მომხრე ვარ, რომ გონიერი ადამიანები მუშაობდნენ საკრებულოში. ამასთან დაკავშირებით კოალიციის სხვა წევრების აზრი არ ვიცი. შეხვედრაზე უნდა მოსულიყო „ლეიბორისტი“ მეზვრიშვილი და პარტია ,,ქართული ოცნებიდან" ვანო ჩხიკვაძე, მაგრამ ვერ მოახერხეს მოსვლა თბილისში იყვნენ“ - განმარტავს დავით რაზმაძე.

ტყვიავში გამართულ შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი ეხმაურება, რომელის საკრებულოში სამანდატო საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობს.

„შეხვედრის მთავარ თემად კომისიის თავმჯდომარეობიდან ჩემი იმპიჩმენტის საკითხიც იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საუბარი, ასევე, ოქრუაშვილის დანიშვნასაც შეეხო. ოქრუაშვილი „კოალიციაში“ თანამოაზრეებს იკრებს. არის ოქრუაშვილის პარტია და არის „კოალიცია“ –„ბურჯანაძიან-ლეიბორისტიანად“. რამდენიმე დღის წინ, ,,ქართული პარტიის" წევრმა ლერი ლაფაჩმა მითხრა, რომ საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტიის წევრებს თანამდებობას არ დაუთმობდნენ. ეს არის ბრძოლა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ და ისინი სკამებისა და ხელფასებისთვის იბრძვიან, რადგან „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებიდან საკრებულოში მხოლოდ ლაფაჩია უხელფასოდ და მისი კომისიის თავმჯდომარეობა უნდათ.“ - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

პარტია „ქართული ოცნებისა“ და საკრებულოს წევრი ნინო ზურაბიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად ის ოქრუაშვილის სახლში არავის დაუპატიჟებია.

,,ოქრუაშვილის სახლში შეხვედრაზე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჩემი პარტიიდანაც არავინ დაპატიჟეს. ვინ ესწრებოდა შეხვედრას და რა მიზნით, ჩემთვის უცნობია და კომენტარებისგანაც თავს შევიკავებ“ - ამბოობს ნინო ზურაბიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები