ახალი ამბები
პროკურორი: ,,გორში თონეში მომუშავე ქალს ქმარმა სცემა, შემდეგ ფული და სამკაულები წაართვა''
გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, რომელმაც ქალს სცემა და შემდეგ სამკაულები წაართვა, 120-საათიანი იძულებითი შრომა მიუსაჯეს.

ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი ძარცვის ფაქტზე გამართლდა.

გადაწყვეტილება პროკურორმა ანა ცაგურიამ გაასაჩივრა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლოს ცნობით, ქალმა პროცესზე ჩვენების მიცემისგან უარი განაცხადა.

პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, ქალს სახეზე ჩაქცევები აღენიდნებოდა.

პროკურორ ანა ცაგურიას ცნობით, გორში, დაახლოებით 01:00 საათზე, პურის საცხობის შენობაში, ბრალდებულმა დ. ნ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, კერძოდ, ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მეუღლის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ხელჩანთას, სამკაულებს, კერძოდ, საყურესა და ყელსაბამს, ასევე - ფულად თანხას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 3929 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები