,,ჩემი შვილი რომ იტალიაში სწავლობს, მერე რა? შვილი რა შუაშია'' -
აცხადებს გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი.
იგი იმ 84 დეპუტატს შორისაა, რომელმაც ,,უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ'' კანონს - იგივე რუსულ კანონს მესამე
მოსმენით დაუჭირა მხარი.
გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების
მიმართ იქნება სანქციები, როგორც აშში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში,
საკუთარ მოსაზრებას ამის შემდეგ გააკეთებს.
იგი თვლის, რომ ევროკავშირის რომელიმე ერთი ქვეყნის წარმომადგენლის
მოთხოვნის გამო, სანქციები არ იქნება, ხოლო შესაძლო სანქციების
შემთხვევაში, მისი შვილი არ უნდა ისჯებოდეს.
,,მე რასაც დავუჭირე მხარი, ძალიან კარგად ვიცი. ეს არის
გამჭვირვალობის კანონი. ჯერ არანაირი სანქციები არ არსებობს; თუ ასე
იქნება? თუ ხვალ წვიმიანი ამინდი იქნება, თუ.. თუ.. ან იქნება ასე, ან
არ იქნება. მე დავუჭირე მხარი კანონს და როგორ შეიძლება ამის გამო
დამასანქცირონ'' - აცხადებს სოსიაშვილი.
რაც შეეხება მის შვილს, ის სწავლობს იტალიაში - ტუშის უნივერსიტეტში
უსფრთხოებისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო, 2-წლიან
პროგრამაზე.
,,თქვენ რა გგონიათ? არაევროპულ რამეს ვუჭერ მხარს? ან დავუჭირე?
ასეთი კანონი აქვს მიღებული საფრანგეთს, აშშ-ს, თურქეთიც მიიღებს'' -
ამტკიცებს სოსიაშვილი.
გორში ყოფნისას საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს
პარლამენტში ინიცირებული კანონი არაა ფრანგული.
ცნობისათვის, აშშ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე
პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე
სანქციებს აწესებს.
ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სანქციები დაუწესდება ყველას, ვინც პასუხისმგებელია
„რუსული კანონის“ მიღებით, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის
გამოთხრაზე.
სავიზო შეზღუდვები დაუწესდება ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის
უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ
არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების
განხორციელების დასაბრკოლებლად, პასუხისმგებელნი არიან ან
თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ
შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით.
გიორგი სოსიაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად 2023 წლის შემოდგომიდანაა, მას
შემდეგ, რაც პარლაენტი დატოვა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 2023 წლის
შემოდგომით ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები.
97-ივე უბნის მონაცემების მიხედვით, გიორგი სოსიაშვილს ხმა მისცა 23
523 ამომრჩეველმა. ოლქში, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული,
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 627-მა მოქალაქემ, რაც რაც საერთო
ამომრჩევლის 19%-ია.
სტატიის გამოყენების პირობები