ახალი ამბები
აქციაზე დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ციხეში პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოქალაქე მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია დღეს, საჯაროდ გავრცელდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტამდე, ადვოკატმა თეკო მეგენეიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულმა, რომელიც 23 წლის არის, ამ მიზეზით თვითდაზიანებების მიყენება სცადა.

„საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან... ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება“, - უთხრა დაკავებულების ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“. 

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დასახელებულ ორ პირს, მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით.

ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეატყობინა დაკავებულების ადვოკატს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები