გორის მერიას მიმართა ,,აგრო მოლის'' ადმინისტრაციამ და ახალი
კომერციული ფართების ასაშენებლად დამატებით 2-წლიანი ვადა
მოითხოვა.
მერიის ცნობით, გორის ბაზრის ადმინისტრაცია, მიმდინარე წელს,
სამუშაოების დასრულებას ვერ ასწრებს. ამიტომ, მერი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილ,ი ვადის გასაგრძელებლად, საკრებულოსგან თანხმობას
ითხოვს.
ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამუშაოებს 2026 წლამდე
დაასრულებს.
ტერიტორიაზე, სადაც ახალი ობიექტის მშენებლობა იგეგმება, ხილის
საბითუმო, ღია ბაზრობაა მოწყობილი. დაახლოებით 1700 კვ.მ ფართობი
ბაზრის ძირითადი შენობის უკანა მხარეს მდებარეობს.
აღნიშნული მიწა გორის მერიამ 2020 წელს გაასხვისა მოქალაქე ნანა
პეტრიაშვილის სახელზე. მოქალაქემ აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 2
წელში, 2022 წლამდე დაასრულებდა.
ნანა პეტრიაშვილმა მიწის ნაკვეთი გაყიდა 2021 წელს. ახალმა მფლობელმა
ითხოვა ვადის გაგრძელება 1 წლით - 2024 წლამდე.
როგორც აღმოჩნდა, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ვერც 2024
წელს ხერხდება. აქედან გამომდინარე:
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს
თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, პრივატიზაციის ხელშეკრულების
პირობის შეცვლაზე - პრივატიზებულ მიწის ნაკვეთზე (მის: ქალაქი გორი,
ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია, არასასოფლო სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1694 კვ.მ; ს/კ 66.46.26.003.013 (ახალი
ს/კ 66.46.26.003.614)) განაშენიანების განხორციელების და აშენებული
ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადად პრივატიზაციიდან 2 (ორი) წლის
ვადის ნაცვლად პრივატიზაციიდან 5 (ხუთი) წლის ვადის განსაზღვრის
თაობაზე.'' - აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც სხდომაზე
წარსადგენად მოამზადეს.
საკითხს ამჟამად საკრებულოს კომისიებში იხილავენ.
,,აგრო მოლის'' დამფუძნებელია გიორგი ჯალაბაძე, დირექტორი - დავით
ხმიადაშვილი (მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი).
სტატიის გამოყენების პირობები