ახალი ამბები
კარალეთში პურის მაღაზიის წინ პარლამენტარს მონა უწოდეს
კარალეთში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი სოსიაშვილს მონა და მოღალატე უწოდეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს პურის მაღაზიის წინ მოხდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებულია, შემთხვევის ამსახველი ვიდეო თავადვე გადაიღო.

ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტარმა მოქალაქეს უწიგნური უწოდა.

მოქალაქემ დეპუტატს შეახსენა, რომ რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, ქვეყნის მომავალ თაობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო. უფრო მეტიც, მოქალაქის განცხადებით, დეპუტატმა შვილი სასწავლებლად ევროპაში გააგზავნა.

ადგილობრივი მკვიდრის განცხადებით, მანქანა, რომლითაც დეპუტატი პირად საქმისთვის სარგებლობს, სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა დეპუტატმა უარყო.

სოსიაშვილი იმ 84 დეპუტატს შორისაა, რომელმაც ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონს - იგივე რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ იქნება სანქციები, როგორც აშში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, საკუთარ მოსაზრებას ამის შემდეგ გააკეთებს.

იგი თვლის, რომ ევროკავშირის რომელიმე ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მოთხოვნის გამო, სანქციები არ იქნება, ხოლო შესაძლო სანქციების შემთხვევაში, მისი შვილი არ უნდა ისჯებოდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები