საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 16
წლისთავზე ჩავიდა ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სადაც
2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრა.
"ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის
მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს
არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით…
არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ
რისი გაკეთება შეიძლება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს გაერთიანების გზა მოსახლეობის გაძლიერებაზე
გადის:
"ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად მოსახლეობის გაერთიანება,
იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ
ცხოვრებენ, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა… იმათთვისაც უნდა გვქონდეს
გზავნილები, იმათი მომავალი, როგორც ჩვენი, არის ევროპაში. ეს იქნება
საბოლოოდ გამაერთიანებელი - არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი
იდენტობა…"
პრეზიდენტმა ერგნეთში ყოფნისას აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის მუზეუმი
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაა შექმნილი:
"არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია
'უცხო აგენტების' ფულით".
სტატიის გამოყენების პირობები