ახალი ამბები
წინარეხში კატაულას მთაზე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა 2032 წელს იწურება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, კატაულას მთა მალე აღარ იარსებებს.

აქ კირქვის მოპოვება 2022 წლიდან განახლდა და 2032 წლამდე გაგრძელდება. ჯამში, 10 წლის მანძილზე 2.5 მლნ ტონა კირქვის მოპოვებაა დაგეგმილი.

მასშტაბური სამუშაოების გამო, წინარეხის მოსახლეობა პრობლემები ექმნება. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგანან. ერთის მხრივ მოსალოდნელია სოფელში მიწის მასის ჩამოდინება ღვარცოფისა და მეწყერის სახით, მეორე საძოვრებისა და სავარგულების განადგურება. კატაულას მთასთან ახლოს მდებარეობს სკოლაც.

,,თავისი მასშტაბით, აღნიშნული ლიცენზია არსებულ ლიცენზიათა შორის რიგით მეორე ყველაზე დიდია.'' - აღნიშნულია ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, სკრინინგის ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომელიც არ მოიცავს არანაირ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებისთვის მთავარი ფაქტორის - პოტენციური ზემოქმედების ხასიათისა და დონის შესახებ.

,,გეოსაინფორმაციო პაკეტში მოცემულია მხოლოდ ტექნიკური მონაცემები წიაღითსარგებლობის ობიექტის მახასიათებლების შესახებ. რაც შეეხება საქმიანობის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა, მაგ: ნარჩენების წარმოქმნა, ხმაური და ა.შ, სკრინინგის განცხადებაში ნათქვამია - "აღნიშნული დამოკიდებულია სამუშაოების წარმოების პროცესზე და წინასწარ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა საქმიანობამ გარემოზე".

როგორც ცნობილია, წიაღითსარგებლობის ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გაცემის საკითხი უნდა შეთანხმდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან.

,,თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს პროცესი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა საკითხის გაუაზრებლად, მექანიკურად იძლევა თანხმობას და ლიცენზიის გაცემის შესახებ ინფორმაციას არც ადგილობრივ მოსახლეობას აწვდის. მოსახლეობა ლიცენზიის გაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ იგებს, რაც კომპანია წიაღის მოპოვებას იწყებს. ეს ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი მოსახლეობასა და ლიცენზიანტს შორის. ამის მაგალითი გვაქვს სოფელ წინარეხშიც;'' - აღნიშნავენ მწვანე ალტერნატივაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები