,,რუსული კანონის'' საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩართულ, რესტო-ბარის
მფლობელის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში
არსებითი განხილვა დაიწყო.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი შერმადინ კაპანაძე
გამოკითხეს, რომელმაც აქტივისტის დაკავების შემდგომ საგამოძიებო
პროცესებში მიიღო მონაწილეობა.
შერმადინ კაპანაძე იღებდა მონაწილეობას ბაბაევის სახლში ჩატარებულ
ჩხრეკაშიც, რომლის ოქმი გორისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა
უკანონოდ მიიჩნიეს.
კაპანაძეს პასუხების გაცემა ძირითადად მოუწია იოსებ ბაბაევის
დაკავების ადგილის ეპიზოდზე. ბაბაევი ავტობანზე დააკავეს.
გამომძიებელმა შერმადინ კაპანაძემ დაათვალიერა და დაასურათა ბაბაევის
დაკავების ადგილი. პოლიციელი საკუთარი ჩვენებით შეეცადა ეს ტერიტორია
უკაცრიელ ადგილად წარმოეჩინა.
როგორც პოლიცია ირწმუნება, ამ ადგილზე უნდა მომხდარიყო ქუჩური
გარჩევა, რაც თითქოს პოლიციამ აღკვეთა. საუბარია ავტობანიდან გორის
პირველ გადასახვევზე, სადაც მუდმივად ინტენსიური მოძრაობაა და
საცხოვრებელი სახლები რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.
პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი, გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზეც
კი, ვერ ამბობს ვინ არის ის პირი, ვისთანაც ბაბაევს გარჩევა ჰქონდა
დაგეგმილი.
შეგახსენებთ, იოსებ ბაბაევი, რომელიც არის სამოქალაქო აქტივისტი და
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, 2024 წლის 4
ივნისს
დააკავეს. 5 ივნისს
მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევი გაათავისუფლა, რადგან უკანონოდ
ჩათვალა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ,
მანქანის, სახლისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, იოსებ ბაბაევის
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით,
ავტომანქანაში ავტომატი ინახებოდა. რაც შეეხება სახლისა და პირის
ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა.
სტატიის გამოყენების პირობები