საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, არბოში, ანტონ ფურცელაძის
სახლის რეაბილიტაცია 1,3 მლნ ლარი დაჯდა. სინამდვილეში, სახლის
აღსადგენად გაცილებით თანხა დაიხარჯა.
რეაბილიტაცია 3 წელი მიმდინარეობდა. პირველმა კომპანიამ, რომელსაც
თანხა სრულად ჰქონდა ჩარიცხული, სამუშაოები მიატოვა.
რატომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია სამინისტრომ, ამაზე პასუხს ის
პროცესი იძლევა, რომელიც სასახლის რეაბილიტაციის დროს განვითარდა.
ფურცელაძის მუზეუმის აღსადგენად თავდაპირველად, 2021 წლის დეკემბერში
დაიქირავეს კომპანია ,,სამაია 1"", რომელსაც წინსწრებად 793 00 ლარი
სრულად ჩაურიცხეს.
2022 წლის ივნისში სამინისტროს წერილობით აცნობა ფურცელაძეების
შთამომავლებმა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს; რაც ჩატარდა, ისიც
უხარისხოდ; სიძველეები შეიწირეს, საფრთხე შეუქმნეს თვით უძველესი
მარნის კედლებს და ა.შ.
მანამდე, იმავე წლის აპრილში არბოში იმყოფებოდა ინსპექტირების ჯგუფი,
ძეგლზე იმყოფებოდა ასევე სააგენტოს დირექტორი აზნაურაშვილი.
ინსპექტირების ჯგუფის 2022 წლის აპრილის დასკვნაში წერია, რომ მხოლოდ
გაწმენდილია სარდაფი; დაშლილია მეორე სართული; დაშლილია მეორე
სართულის იატაკი, დაშლილი იყო პირველ სართულზე ბლოკით აშენებული
ოთახი. ამ დასკვნით ჩანს, რომ სხვა სამუშაოები არ ჩატარებულა და არც
მიმდინარეობდა. ხელშეკრულების დადებიდან კი გასული იყო 4 თვე.
ქვემოთ
ფოტოზე: სახლ-მუზეუმი 2022 წლის ივლისის
მდგომარეობით
ფურცელაძეების შთამომავლების საჩივრის შემდეგ, ერთ თვეში, 2022 წლის
22 ივლისს არბოს ეწვია სააგენტოს ჯგუფი, რომლებმაც შეადგინეს ანგარიში
და სადაც ვკითხულობთ:
,,ობიექტზე საამშენებლო ტემპი დაბალია, არ არის დაწყებული კედლის
წყობის სამუშაოები. მშენებლებს არ აქვთ ახალი საამშენებლო გრაფიკი.
ობიექტზე სამუშაოების ნორმალური წარმოებისათვის საჭიროა, პროექტის
ავტორისა და კონსტრუქტორის ხშირი ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ
სამშენებლო კომპანია ერთხელ უკვე გაფრთხილებული იყო საამშენებლო
სამუშაოების ძალიან დაბალი ტემპის გამო, რომელიც ძალიან ჩამორჩება
კომპანიის მიერ წარმოდგენილ სამუშაოების წარმოების გრაფიკს, ობიექტზე
არავითარი წინსვლა არ ჩანს. საამშენებლო ტერიტორიაზე არ არის
შემოტანილი საშენი მასალები: აგური, ქვა, კირი. ტერიტორიაზე
მონიტორინგის დროს, არ ჩანდა არცერთი მუშა და საამშენებლო ობიექტის
დარაჯიც კი. შენობის გაწმენდილი კედლები ასეთი ნალექიანი თვის
განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიტოვებულია, აღსანიშნავია, რომ შენობის
სამი ფასადის გასწვრივ გათხრილ თხრილებში გუბდება მოსული ნალექი.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტორიული შენობის
რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესაბამისი, დროული ზომების
მიღება.'' - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.
ხელშერულების შეწყვეტის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ
კომპანიას პირგასმტეხელოს სახით დააკისრა დაახლოებით 28 865 ლარი და
20 თეთრი. გადარიცხული კი ჰქონდათ 793 000 ლარი.
ამოიღეს თუ არა ეს თანხა, უცნობია. ცოტა ხანში, სააგენტომ ახალი
ტენდერი გამოაცხადა.
ამ ტენდერში, 2022 წლის 21 დეკემბერს, 1,08 მლნ ლარად გაიმარჯვა
კომპანია ,,მშენებელმა’’. სამუშაოები 2023 წლის ოქტომბერში უნდა
დაემთავრებინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვადა 2024 წლის 14
მარტამდე გადაუწიეს.
ქვემოთ
ფოტოზე: სახლ-მუზეუმის პირვანდელი ვერსია
სტატიის გამოყენების პირობები