12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა
დააკავეს "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი
მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა პოლიციამ ბათუმის მთავარ
სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს სტიკერის – "გაიფიცე" –
გაკვრის გამო. იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა
გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს.
ასევე, დაკავებულია აქციის მინიმუმ 2 მონაწილე.
რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება
დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
– პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე
თავდასხმის ბრალდებით.
ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.
აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა
მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო
საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების
სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და,
ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია
ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო
მოპყრობას.
12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან
რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.
შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება
დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას
ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები
გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.
წყარო: ბათუმელები
სტატიის გამოყენების პირობები