,,არ გვინდა ევროპას დაგვაშორონ'' - სოფელი წაბლოვანა
18:01 / 13.11.2024
“წავიდოდით არჩევნებზე აბა არ წავიდოდით? არ გვინდა ევროპას
დაგვაშორონ. მომავალი გვყავს. შილიშილები მყავს, რომლებიც უმაღლეს
სასწავლებელს ამთავრებენ და სწავლის გაგრძელება ევროპაში უნდათ. თ გზა
გადაგვიკეტეს, ხალხი რაღას მოახერხებს?”-ასე იწყებს ჩვენთან საუბარს
სოფელ წაბლოვანაში მცხოვრები ვენერა ზედგენიძე და საუბარს სოფელში
არსებული პრობლემებით აგრძელებს. დაუსრულებელ გზის მშენებლობას, არ
არსებულ სარწყავ სისტემას და “მთის” სტატუსს, რომელიც რეალურ შეღავათს
არ აძლევს მოსახლეობას, ისე მიეჩვივნენ, რომ ამ ყველაფერზე იუმორით
საუბრობენ.
“ვაწუხებთ ჩვენს უფროსს, ისიც სხვას აწუხებს, მაგრამ როგორც იმას
ატყუებენ, შემდეგ ისე გვატყუებენ ჩვენც.”- გვეუბნება ვენერა
ზედგენიძე.
მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მაცხოვრებლების
თქმით, მთავრობა მათი სოფლით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როდესაც
არჩევნების პერიოდია და მაგალითად სოფელში მიმავალი გზა მოჰყავთ,
რომელიც დღემდე ათხრილია და წვიმიანობის პერიოდში გამოუსადეგარია.
ვენერა ზედგენიძის თქმით, უგზოობის ფონზე, სოფლის მოსახლეობამ
პროტესტი გამოთქვა და მთავრობას არჩევნებზე არ მისვლით დაემუქრა,
რამაც ერთი შეხედვით შედეგი გამოიღო, თუმცა არჩევნების
დასრულებისთანავე, მოსული ტექნიკა უკან წაიყვანეს და გზის გაკეთებაც
შუა გზაში გაჩერდა. “ახლა როდის მოვლენ, ალბათ შემდეგ არჩევნებზე
მოვლენ კიდე.”- იცინის ვენერა ზედგენიძე.
“სასწრაფო ვერ ამოდის, სოფელში უმეტესად მოხუცი ხალხი ვცხოვრობთ.
შარშან ზამთარში ზურგით ამოიყვანეს ექიმი, ცუდად რომ გაგვიხდა
კაცი.”-იხსენებს ვენერა ზედგენიძე.
სოფელი წაბლოვანა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დღესდღეობით
სოფელში 30-მდე კომლი ცხოვრობს.
სოფლის მაცხოვრებლის, მევლუდ ნოზაძის თქმით, სოფელი მთიან ზონას
ეკუთვნის, თუმცა ამის სარგებელს სოფლის მოსახლეობა ვერ აღიქვამს.
“არაფერი განსხვავება არ არის, შეღავათი მხოლოდ დენზე გვაქვს, ისიც 10
თეთრი. არც გაზი, არც ჯანდაცვა განსხვავება და შეღავათი არაფერზე არ
გვაქვს. თუ ვიხდი დენზე 10 თეთრს, დავამატებ კიდევ 10 თეთრს და
გადავიხდი რაღაზე გვაკუთნებენ მთიან ზონას?”-წუხს მევლუდ
ნოზაძე.
სოფელის მიწა ნაყოფიერობით გამოირჩევა, თუმცა მოსარწყავად
საჭირო ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, მიწადმოქმედი მოსახლეობის
მოსავალის რაოდენობა წვიმიან ამინდებზეა დამოკიდებული.
“რასაც ვდებთ, იმას ვიღებთ. წელს ჰექტარ ოცდაათზე, ტონა ნახევარი
ავიღეთ, რაზეც ორჯერ მეტი დავხარჯეთ. იქ სასუქი, იქ ის, იქ ის და
არაფერი შემოსავალი სოფელში არ გვაქვს.”- გვიზიარებს ნესტორ ნოზაძე,
რომელიც ასევე სოფელ წაბლოვანაში ცხოვრობს.
ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მიტოვებული წაბლოვანელები,
უკმაყოფილებას 2024 წლის არჩევნების პროცესსა და შედეგებზეც
გამოთქვამენ. მათი თქმით ქართულმა ოცნებამ დიდი ძალისხმევა ჩადო
ამომრჩევლის მოსასყიდად. ნესტორ ნოზაძე, წაბლოვანას მაცხოვრებელი
არჩევნებს დამკვირვებლად ესწრებოდა- “ზოგი მოისყიდეს, ზოგს თითი
დაუქნიეს, ზოგს ფული დაურიგეს და მოხდა ასეთი რამე. წინასწარ
მოსყიდული ჰყავდათ ხალხი. სამი ცხვარი დაკლეს გარშემო.”- ნოზაძის
აზრით არჩევნების შედეგები ლოგიკას მოკლებულია მაშინ როცა წინა
არჩევნებზე ხელისუფლება ამ უბანზე ყოველთვის აგებდა.
“წელს 300 ხმა აქვს მთავრობას და 200 ოპოზიციას, პირიქით უფრო ნაკლები
ხმა იქნებოდა, რომ არ გაყალბებულიყო.” -აღნიშნავს ნესტორ ნოზაძე.
ძმები კონსტანტინე და გიორგი გელაშვილები სოფელ წაბლოვანას მუდმივი
მაცხოვრებლები არიან. კონსტამტინე 23 წლისაა, ხოლო გიორგი 14 წლის.
წაბლოვანელი ბავშები საშუალო განათლებას სოფელი ქემფრის საჯარო
სკოლაში იღებენ. კონსტანტინე გვიყვება, რომ ცხოვრებაც და საქმიანობაც
ძირითადად სოფელში უწევს, რაც აბედნიერებს. როგორც თავად იხსენებს
მისი ოცნება საკუთარი ფერმის აშენება იყო, რაც
სკოლისდამთავრებისთანავე აისრულა.
“აქ არის ჩემი პატარა ფერმა სადაც ძაღლიც მყავს და მსხვილფეხა
საქონელიც. მიყვარს ჩემი სოფლის მთებიც და ჰაერიც. მთელ დღეს შრომაში
ვატარებ. ძირითადად ჩემს ფერმას ვუვლი და ოჯახს ვეხმარები. ჩემი
თანატოლები თითქმის აღარ არიან სოფელში. ყველა სამუშაოდ არის წასული.
ძირითადად ჩინელებთან მუშაობენ, გზის მშენებლობაზე”-ამბობს
კონსტანტინე გელაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები